თბილისი, 10 მარტი — Sputnik. კრასნოდარში 10 მარტს გამართული შეხვედრა ევროპის ერთა თასის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის ქართველების გამარჯვებით ანგარიშით 29:9 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩი წვიმისა და სეტყვის თანმხლებით მიმდინარეობდა. პირველი 15 წუთი რუსებმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს ქართველ გუნდს და ანგარიშიც გახსნეს. მასპინძლის მიერ ზუსტად შესრულებული ჯარიმის შემდეგ ანგარიში რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ 3:0 გახდა.
24-ე წუთზე ქართველები დაწინაურდნენ. ლელოს ავტორი ანტონ ფეიქრიშვილი გახდა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახვა შეასრულა და ანგარიში ქართველების სასარგებლოდ 7:3 გახდა.
29-ე წუთზე მასპინძელმა კვლავ ზუსტად შეასრულა ჯარიმა და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა — 6:7.
ტაიმის ბოლო წუთებზე კი ანგარიში რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ 9:7 გახდა.
48-ე წუთზე სოსო მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და "ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ 10:9.
65-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთი ლელოს დადება შეძლეს. ამჯერად ლელო გიორგი ნემსაძემ დაამიწა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და ქართველები 17:9 დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე კი მიხელ გაჩეჩილაძემ დაამიწა ლელო, მათიაშვილმა კი კვლავ ზუსტად გარდასახა.
77-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძის ფეხით შეგორებული ბურთი ანზორ სიჭინავამ დაამიწა. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში ქართველების სასრგებლოდ 29:9 გახდა.
ამ გამარჯვებით „ბორჯღალოსნებს" სატურნირო ცხრილში უკვე 19 ქულა დაუგროვდათ.
ევროპის ერთა თასის წლევანდელი გათამაშების სამ სასტარტო ტურში საქართველოს ნაკრებმა ყველა მატჩი მოიგო, მაშინ როდესაც რუსეთმა ბელგია ანგარიშით 48:7 დაამარცხა და ესპანეთის (13:20) და რუმინეთის (15:25) გუნდებს დაუთმო.
„ბორჯღალოსნები" ტურნირის მორიგს შეხვედრას რუმინეთთან 18 მარტს „დინამო არენაზე" 16:00 საათზე გამართავენ.