თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ძლიერმა ქარმა, რომელიც თბილისში პარასკევს დღის მეორე ნახევარში ამოვარდა, ათობით სახლი, ხე, მანქანა, გარე განათების ბოძი და სარეკლამო ბანერი დააზიანა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ქარი, რომლის სიჩქარე წამში 25-30 მეტრს აღწევდა, თბილისში მთელი ღამის განმავლობაში ქროდა. დილით ქარი შედარებით ჩადგა. შაბათს თბილისში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა 9 გრადუს სითბოს აღწევს.
პარასკევის 16:00 საათიდან შაბათის დილის 08:00 საათამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 300-ზე მეტი ზარი განხორციელდა, საიდანაც თბილისში დაახლოებით 120 ზარი იყო.
ამ დროისათვის ქარმა თბილისში დააზიანა 68 სახლი, 81 ხე, 53 ელექტროგადამცემი ხაზი, 11 მანქანა, 11 სარეკლამო ბანერი, გარე განათების 9 ბოძი და გაზის 9 ცენტრალური მილი.
სახანძრო-სამაშველოს გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონებში.
უამინდობამ საქართველოს რეგიონებიც დააზარალა. მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში საცხოვრებელი სახლის სახურავები დაზიანდა. აჭარაში, ქედას რაიონში ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩახერგა გზის სავალი ნაწილი, ლანჩხუთშიც ჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი. იმერეთის რაიონიც დაზარალდა. წყალტუბოში ჩამოშლილია მიწის მასა, წაქცეულია ხეები, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი.
შეფერხებით მუშაობდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც.