თბილისი, 8 მარტი —Sputnik. ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის პრეზენტაციას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს არქიტექტურული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის განვითარებას, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
„ახალი ტფილისის“ პროექტის ფარგლებში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია–აღდგენა არის მართლაც პატრიოტული, მამულიშვილური საქმე იმისათვის, რომ თითოეულ ამ ულამაზეს შენობას შევუნარჩუნოთ ისტორიული სახე. ეს არის ის ადგილი, სადაც განსაკუთრებით იგრძნობა თბილისის სუნთქვა“, — განაცხადა პრეზენტაციაზე კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, გუდიაშვილის მოედანთან ერთად მიმდებარე ქუჩები, მთლიანობაში 30-მდე შენობა აღდგება თავისი ეზოებით.
თბილისის მერმა კახი კალაძემ კი ხელოვნებათმცოდნეებს, რესტავრატორებსა და დაინტერესებულ პირებს მიმართა, ჩაერთონ თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში.
„თბილისი ყოველთვის იყო მოვლენების ეპიცენტრი. დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ის სიმდიდრე, რაც ამ ქალაქს გააჩნია, მოვაწესრიგოთ, მოვუაროთ და გადავცეთ ჩვენ მომავალ თაობებს. ჩვენი კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის და ერთად განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უფრო უკეთესს გახდის ხვალინდელ თბილისს", — აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე არეალში მდებარე შენობების სრული რეაბილიტაცია გულისხმობს არქიტექტორულ-მხატვრული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას. სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობების აბსოლუტურ უმრავლესობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად აღდგენას ექვემდებარება 30-ზე მეტი მისამართი, მათგან 20-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.
რეაბილიტაცია შეეხება არა მხოლოდ შენობების ფასადებს, არამედ მე-16 საუკუნის დროინდელ სარდაფებსაც, რომლებიც ავთენტური სახით იქნება აღდგენილი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია.
რეაბილიტაციის შემდეგ მთელ არეალზე მოეწყობა განათებები, დამონტაჟდება ქუჩის ინფრასტრუქტურა და ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ფარგლებში 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობაც იგეგმება.
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება დაახლოებით 55 მლნ ლარს შეადგენს. ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება.