თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ლადო გუდიაშვილის მოედნის აღდგენითი სამუშაოები ორ კვირაში დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ლადო გუდიაშვილის მოედნის კონსერვაციის გეგმის შემუშავებაზე მუშაობა 2015 წლის მარტში დაიწყო. უკვე წლის ბოლოს მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაციის პირველი ეტაპი დაიწყო: შენობების უმეტესობა ლითონის საყრდენებით გაამაგრეს.
„მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, ვაპირებთ გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას და რეაბილიტაციას. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და მოწესრიგებული ტურისტული ადგილი დედაქალაქში თავისი ისტორიული შენობა-ნაგებობებით, სადაც ყველანაირი ინფრასტრუქტურა იქნება კეთილმოწყობილი. აქ იქნება მიმზიდველი გარემო არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ დედაქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვისაც“, – განაცხადა კალაძემ.
პროექტი გულისხმობს როგორც თავად მოედნის, ისე მის მიმდებარედ არსებული შენობების აღდგენას, რომელთა უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. სრულად უნდა აღდგეს 30 შენობა, აქედან 20 უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
აღდგენას ექვემდებარება არა მხოლოდ შენობების ფასადი, არამედ მე–16 საუკუნის სარდაფები. პროექტის ფარგლებში უკვე დაგეგმილია გუდიაშვილის სკვერის აღდგენა. სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.
პროექტს ახორციელებს თბილისის განვითარების ფონდი. თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მასშტაბური პროექტი „ახალი ტფილისი“ 2016 წელს დაიწყეს. პროექტი გულისხმობს დედაქალაქის ცენტრში ახალი საზოგადოებრივ–სარეკრეაციო ზონებისა და ტურისტული მარშრუტების შექმნას.
პროექტის პირველ ეტაპზე აღმაშენებლის გაზირზე პირვანდელი სახე დაუბრუნეს 47 ისტორიულ შენობას, აქედან 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შედეგად გამზირის ნაწილი საფეხმავლო და ტურისტების საყვარელი ადგილი გახდა.
გასული წლის ივნისში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ევროპულმა ორგანიზაციამ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და დაცვის სფეროში Europa Nostra-მ აღმაშენებლის გამზირის რესტავრაციის პროექტი საუკეთესოდ აღიარა კატეგორიაში "კონსერვაცია".
„ახალი ტფილისის“ პროექტის მეორე ეტაპი ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების აღდგენას ითვალისწინებს. ორბელიანის მოედნის რესტავრაციის აქტიური სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყო.