თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და მათ ბედნიერება და წარმატებები უსურვა.
საქართველო ქალთა საერთაშორისო დღეს ზეიმობს, რომელიც სახელმწიფოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.
„ჩვენდა საამაყოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ისტორიულად ყოველთვის დაფასებული იყო ქალის როლი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში. ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა მეფე თამარი. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობა იშვიათობა იყო, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას უკვე ჰყავდა პოლიტიკური პარტიისა და დამფუძნებელი კრების წევრი ქალები“, – დაწერა კვირიკაშვილმა თავის Facebook–გვერდზე.
პრემიერმა გაიხსენა პირველი დეპუტატი ქალები – 1919 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დამფუძნებელი კრების არჩევნები შედგა.
„წელს, როდესაც ჩვენ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავს აღვნიშნავთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე და ანა სოლოღაშვილი — პირველი ქართველი პარლამენტარი ქალები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს სახელმწიფოებრივ საქმეში“, – აღნიშა კვირიკაშვილმა.
ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა ქალებს ასევე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქალთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე ასახა და არჩევნებზე ორივე სქესის წარმომადგენლებს თანაბარი უფლებები მისცა.
1921 წელს მიიღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის 39-ე მუხლში ჩაიწერა: „ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკურ ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით“.
1919 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დამფუძნებელი კრების არჩევნები შედგა, რომელიც საყოველთაო, პარიტეტული პრინციპით ჩატარდა. სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიაში 20-ზე მეტი ქალი იყო, მათგან ხუთი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გახდა.