როგორ იქცა ქართველი ქალი რომალედ

© Photo: courtesy of Eka Romale Jijeishviliეკა რომალე ჯიჯეიშვილი სცენაზე
ეკა რომალე ჯიჯეიშვილი სცენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალთა დღეს უჩვეულო ბედის ქალბატონი გვსურს გაგაცნოთ. ეკა ჯიჯეიშვილი - ასე იცნობდნენ, სანამ მის ცხოვრებაში ბოშური ქარიზმა და მელოდიები არ შეიჭრა, შემდეგ ეკა რომალე გახდა. ყველაფერი კი ერთ მშვენიერ დღეს ბოშა მომღერლის ზაბარის გამოჩენამ შეცვალა...

აღმოჩნდა, რომ ქართველ რეჟისორს ბოშური სიმღერისთვის შესაფერისი ხმის ტემბრი აქვს და, უფრო მეტიც, რაც უჩვეულოა, ამ სიმღერებს ბოშური დიალექტით ასრულებს. როგორც თავად ამბობს, ყველაფერი ძალდაუტანებლად და ბუნებრივად გამოსდის. 

© Photo: Courtesy of Eka Romale Jijeishviliეკა რომალე ჯიჯეიშვილი
ეკა რომალე ჯიჯეიშვილი - Sputnik საქართველო
ეკა რომალე ჯიჯეიშვილი
 

– ეკა, ბოშური სიმღერების სიყვარული როდის გაჩნდა?

— მე ბარნოვზე არსებულ მეცხრე მუსიკალური ათწლედი მაქვს ფორტეპიანოს ხაზით დამთავრებული. იმ დროს რეჟისორის ასისტენტი ვიყავი და კინოსტუდიაში ვმუშაობდი. მერე რუსეთში, ქალაქ პერმში ვცხოვრობდი და ბოშებთან ერთად ქალების გუნდში ვმღეროდი. იქ 1993 წელს გავემგზავრე და პერმის დრამატულ თეატრში ვმუშაობდი. ერთ დღეს თეატრში ბოშა მამაკაცი მოვიდა, მას ზაბარი ერქვა. მან სიმღერისთვის მომღერლების შერჩევა დაიწყო. მე სოლოს ვმღეროდი და როცა მომისმინა, თქვა, რომ ბოშური სიმღერისთვის შესაფერისი ხმა მქონდა. ვოკალის სპეციალური გაკვეთილები არასოდეს მიმიღია. 

– მანამდე ბოშურ სიმღერებთან თუ გქონდათ შეხება?

— არა, არასოდეს. მანამდე ნაზ ქართულ სიმღერებს ვმღეროდი. 1988 წელს მამა გარდაიცვალა და იმის შემდეგ ხმის ტემბრი შემეცვალა და სევდიანი სიმღერების შესრულება დავიწყე. დღეს ქართულ სიმღერებს მხოლოდ ძალიან ვიწყო წრეში ვმღერი. ქართულის შესრულებისას განსხვავებული ხმა მაქვს. რაც შეეხება ბოშურ სიმღერებს, მათთან შეხება საქართველოში მხოლოდ მოსმენის დონეზე მქონდა. ჩემ რეპერტუარში ბოშური სიმღერები და რუსული რომანსები ამის შემდეგ შევიდა. 

– ვიცი, რომ ბოშურ სიმღერებს ბოშური დიალექტით ასრულებთ, რაც იშვიათია…

— დიახ, ამ სიმღერებს ბოშური დიალექტით ვასრულებ, ანუ მათ ისე არ ვმღერი, როგორც რუსი ან ქართველი. გამოთქმებს ვგულისხმობ. რაც უნდა მოვინდომოთ, მაინც იგრძნობა ხოლმე, რომ კავკასიური აქცენტით ვსაუბრობთ და ვმღერით. მე კი სუფთა ბოშური აქცენტით ვმღერი, ოღონდ ეს თავისთავად ხდება, ამაში ტვინი ჩართული არ არის. ეტყობა, როცა ყურში ილექება, მერე ეს სიმღერაშიც ისახება. 

– საწერი კალმით უჩვეულო ნახატებს ქმნით…

— დიახ, ვხატავ, ტვინი არც იქ ერთვება, ანუ, რასაც გამოვსახავ, ყველაფერი თავისთავად გამოდის. ძირითადად ორნამენტებს ვხატავ. არ ვიყენებ არც საშლელს და არც ფანქარს, ყველაფერი თავისით ხდება. ძირითადად საწერი კალმით („პასტით“) ვხატავ და მერე ფერს ფლომასტერით ვადებ. ჩიყვი მაქვს და საღებავის სუნს ვერ ვიტან. მე ცნობილი რუსი პოეტი ვალენტინ ნერვინი მყავს „ფრენდებში“ და ის ქრონიკულად იწონებს ხოლმე ჩემ ნახატებს, ძალიან საინტერესო პიროვნებაა, სხვადასხვა პრემიებს იღებს. ერთხელ მივწერე, ჩემი ნახატები მართლა ასე მოგწონთ–მეთქი? ასე მიპასუხა: В Ваших рисунках сочетаются гармония и тайна —разве такое может не нравиться тому, кто чувствует это? 

– ეს უკვე რეცენზიაა… და მართლაც, რა საიდუმლო აქვს ეკა ჯიჯეიშვილს?

— საერთოდ არ მაქვს საიდუმლო… არ ვიცი, მან რა დაინახა, ასეთ ადამიანებს ხედვაც განსხვავებული აქვთ და გემოვნებაც… პოეტი ზაზა მაღალაშვილიც სულ მიწონებს ხოლმე, მაგრამ ზაზას ლაივში ვყავარ მოსმენილი და მისგან არ მიკვირს, ეს ადამიანი კი არ მიცნობს… 

© Photo: Courtesy of Eka Romale Jijeishviliეკა რომალე ჯიჯეიშვილის მიერ შექმნილი ორნამენტი
ეკა რომალე ჯიჯეიშვილის მიერ შექმნილი ორნამენტი - Sputnik საქართველო
ეკა რომალე ჯიჯეიშვილის მიერ შექმნილი ორნამენტი

– ისევ სიმღერას რომ დავუბრუნდეთ, საინტერესოა, როგორ ხდება თქვენში ასეთი მეტამორფოზა, იქნებ წინა ცხოვრებაში იყავით ბოშა?

— არა, არა მგონია, ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ მათგან განსხვავებულად ვაზროვნებ.

– ყოველ შემთხვევაში, ძალიან კარგად ჩაწვდით ბოშური სიმღერების არსს, ალბათ დამეთანხმებით, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება…

— მაგაში გეთანხმებით… შესაძლოა, ჩემზე ნიჭიერი იყოს ვიღაც და ეს ვერავინ დაინახოს. ამაში, რა თქმა უნდა, ბედისწერაცაა… 

© Photo: Courtesy of Eka Romale Jijeishviliეკა რომალე ჯიჯეიშვილის მიერ შექმნილი ორნამენტი
ეკა რომალე ჯიჯეიშვილის მიერ შექმნილი ორნამენტი - Sputnik საქართველო
ეკა რომალე ჯიჯეიშვილის მიერ შექმნილი ორნამენტი

– ეკა, ბედისწერის გჯერათ? 

— კი, მჯერა… სხვათა შორის, ბოშებისგან, შესაძლოა, სიმღერაზე მეტიც კი ვისწავლე, მაგალითად, ცხოვრებისა და ადამიანების დანახვა უფრო განსხვავებულად, შინაარსიანად და სიღრმისეულად… 

– თქვენს სახელს რომალე დაამატეთ…

— დიახ, რახან რეპერტუარი მაქვს ბოშური. ზოგი მეგობარი ასეც მეძახის და ასეც ვყავარ მობილურში ჩაწერილი. ბოშურ სიმღერებში უფრო დიდი სევდაა, იცით, სახლში, ჩემთვის, ანუ მაყურებლის გარეშე მათ უკვე წლებია არ ვმღერი. შესაძლოა იმიტომაც, რომ ხშირი შესრულებით ისინი არ გაუბრალოვდნენ…

– ბოშა ქალი ქართველზე უფრო თავისუფალია?

— თქვენ წარმოიდგინეთ, არა… ბოშა ქალის თავისუფლება უფრო მითია. მათ იმდენი წესი აქვთ, რომ შესაძლოა, ჩვენზე მკაცრადაც ცხოვრობდნენ. შემიძლია თამამად გითხრათ, ქართველები უფრო თავისუფლები ვართ. 

– ქართველი ქალის ყველაზე დიდი კომპლექსი რა არის?

— შეიძლება ის, რომ უფრო დაქვეითებული გვაქვს თვითშეფასების უნარი და ეგეც კომპლექსია… თუმცა ახალი თაობა სულ სხვანაირია და ამ ამბავს მივესალმები. ეს საჭიროცაა, ძალიან მომწონს ახალი თაობა და ვთვლი, რომ ისინი ჩვენზე უკეთესები იქნებიან და უფრო მეიმედებიან. თუმცა, დღეს „პეროვზე“ რაღაც სულ სხვა კატეგორია დადის…

© Photo: courtesy of Eka Romale Jijeishviliეკა რომალე ჯიჯეიშვილი კონცერტის შემდეგ
ეკა რომალე ჯიჯეიშვილი კონცერტის შემდეგ - Sputnik საქართველო
ეკა რომალე ჯიჯეიშვილი კონცერტის შემდეგ

– „პეროვი“ ახსენეთ, თქვენ ხშირად გიწვევენ თბილისში სხვადასხვა საღამოებზე…

— „პეროვზე“ თითქმის ყველგან მიმღერია, ახლა მხოლოდ მოწვევებით ვმღერი და მარტო ბოშურ სიმღერებს ვასრულებ. რვა მარტს “კავკასიურ სახლში“ ვარ მიწვეული. ადრე ბაქოში მქონდა მიწვევა.

– რას უსურვებთ ქალებს – ქართველებს, ბოშებს, ყველას? 

— ჭეშმარიტ სიყვარულს. მჯერა, რომ არის, რადგან ეს ერთადერთია, რის გამოც ღირს ამ სამყაროში მოსვლა…

– ეკა რომალემ თუ იპოვა ჭეშმარიტი სიყვარული?

— კი, ვიპოვე…

– გილოცავთ…

 

ყველა ახალი ამბავი
0