სოფო ბერიანიძის „სამშვენისი“ – ქართული ბრენდი დახვეწილი ქალბატონებისთვის

გამოწერა
სოფო ბერიანიძე ხელოვნებით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ ხელნაკეთი ნივთების, სამკაულების შექმნა მისთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესად და საპასუხისმგებლო საქმედ იქცა.

სოფო გრაფიკოს–დიზაინერია. ამ ეტაპზე მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად. პარალელურად ქმნის ხელნაკეთ ნივთებს. ბრენდს „სამშვენისი“ დაარქვა. დედასთან ერთად ამზადებს მინანქრის და მინის სამკაულებს, კედლის და მაგიდის დეკორატიულ სანათებს, ბატიკის შარფებს, თიხის სამკაულებს, სახლის დეკორატიულ აქსესუარებს, სპილენძით ამკობს მინის ბოთლებს.

© Photo: courtesy of Samshvenisi jewelleryსოფო ბერიანიძე
სოფო ბერიანიძე - Sputnik საქართველო
სოფო ბერიანიძე

 

– სოფო, როდის აღმოაჩინეთ, რომ შემოქმედებითი ნიჭი გქონდათ?

— მხატვრების ოჯახში გავიზარდე, მამაც და დედაც მხატვარი მყავს. ჩემთვის უცხო არასოდეს ყოფილა მხატვრული გარემო. თანდათანობით მეც მოვიხიბლე ამ ფერადი გარემოთი და შემოქმედებითი სამყაროთი. საბოლოდ გადავწყვიტე ჩამებარებინა სამხატვრო აკადემიაში და აქედან დაიწყო ყველაფერი.

– საკმაოდ მრავალფეროვანია თქვენი შემოქმედება…

— „სამშვენისი“ არის ოჯახური ბრენდი, სადაც ვმუშაობთ მე და დედაჩემი ნატა გვინჩიძე. ვცდილობთ შევქმნათ ნამუშევრები, რომელიც იქნება ორიგინალური და ექსკლუზიური ნაკეთობა. ჩვენი მიმართულება მრავალმხრივია. ვამზადებთ მინანქრისა და მინის სამკაულებს, კედლის და მაგიდის დეკორატიულ სანათებს, ბატიკის შარფებს, თიხის სამკაულებს,  სახლის დეკორატიულ აქსესუარებს, სპილენძისგან დამზადებულ ფორმებს ვქმნით მინის ბოთლებისთვის. ეს ყველაფერი იქმნება ჩვენი დიზაინით და დიდი სიყვარულით.

© FB / Samshvenisi jewelleryსანათი
სანათი - Sputnik საქართველო
სანათი

– ჩემი ყურადღება სწორედ სანათებმა მიიქცია, განსხვავებული და ორიგინალურია. რა მასალით ქმნით მათ და რამდენად გამძლეა?

— მადლობა შეფასებისთვის. ჩვენი სანათები მზადდება განსხვავებული ტექნოლოგიით. ყოველთვის ვცდილობთ, რომ სხვადასხვა მასალათა სინთეზი იყოს, რაც მეტად საინტერესოს და ორიგინალურს ხდის სანათს. ეს არის „სამშვენისის“ სტილი, რომელიც ჩვენ მოვიფიქრეთ და ამ ეტაპისთვის პირველები ვართ, ვინც მსგავს სანათებს ამზადებს. მასალად გამოყენებული გვაქვს ხე, სპილენძი, ქვა, მინა, კერამიკა, რკინა და ხელით მოხატული აბრეშუმის ნაჭერი. ეს ყველა მასალა სპეციალურად მუშავდება, ეძლევა ფორმა და ეფექტები. თითო სანათი არის ექსკლუზიური ნამუშევარი, რომელიც ინდივიდუალურად ჩვენი დიზაინით მზადდება. ამ მასალათა სინთეზი გვაძლევს საკმაოდ მყარ და გამძლე პროდუქტს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაამშვენებს და ნათელ ფერებს შესძენს ნებისმიერ ინტერიერს.

– ინტერიერში ალბათ სულ სხვა ელფერი აქვს…

— დიახ, რა თქმა უნდა, „სამშვენისის“ სანათებს ინტერიერში თავისი ხასიათი და განწყობა მოაქვს.  მისი ინდივიდუალური დიზაინი გამორჩეულს გახდის არსებულ ინტერიერს. ფერადი ნათება კი მეტ სიმყუდროვეს მატებს. ჩვენ ასევე ვმუშაობთ კედლის ბრებზე და ტორშერებზე. გვქონია შეკვეთები სხვადასხვა სასტუმროდან.

© FB / Samshvenisi jewelleryსანათი
სანათი - Sputnik საქართველო
სანათი

– რაც შეეხება მინანქარს, წლების წინ მინანქრის სამკაულის ბუმი იყო, ახლაც ასეა? ისევ აქტუალურია ტიხრული მინანქარი?

— სამწუხაროდ, ისევ ისეთი აქტუალობით აღარ სარგებლობს მინანქარი, როგორც წლების წინ, მაგრამ მე ვცდილობ, რომ გავექცე შაბლონებს და შევქმნა სამკაულები ჩემი დიზაინით, სადაც ვიყენებ მხატვრულ მინას, ბუნებრივ ქვას, ფილიგრანს. ასე ნამუშევარი უფრო საინტერესო ხდება მომხმარებლისთვის.

– გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?

— იქიდან გამომდინარე, რომ ცალკე სამსახური მაქვს და თავისუფალი დრო ცოტა მრჩება, მაინც ვცდილობ დრო დავუთმო „სამშვენისს“, რადგან ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემთვის ბედნიერებაა, როცა უყურებ ადამიანს, რომელსაც შენი ნამუშევარი ძალიან მოსწონს. ყოველთვის ვცდილობ აქტიური ვიყო და ხშირად მივიღო მონაწილეობა გამოფენებში.

ხელნაკეთი ნივთის ტარება ალბათ პატივად უნდა ჩაითვალოს და დიდი მოწიწებით უნდა მოექცე. ის ხომ ექსკლუზიური ნამუშევარია, მასზე დიზაინერმა ინდივიდუალურად იმუშავა, ხელით შექმნა, თავის სული და გული ჩადო. ამ ყველაფერს დაფასება უნდა. ვერ გეტყვით, რომ საქართველოში არ აფასებენ. არის ხალხის კატეგორია, ვისაც ესმის, რა სირთულესთან არის ეს დაკავშირებული და აფასებს კიდეც. რაც უფრო გადის დრო, ვხედავ, რომ უფრო და უფრო მეტი ხალხი ინტერესდება ქართული ხელნაკეთი ნამუშევრებით. ეს, რა თქმა უნდა, დიდი მოტივაციაა დიზაინერისთვის.

© FB / Samshvenisi jewelleryშარფი
შარფი - Sputnik საქართველო
შარფი

– ხშირად ითვალისწინებთ მომხმარებლის მოთხოვნებს, თუ საკუთარი გემოვნებით და სურვილით ქმნით ნივთებს?

— უმეტეს შემთხვევაში მომხმარებელი თავად გვანდობს თავის შეკვეთას. „ვიცი, რომ ლამაზს გააკეთებთ“ – ხშირად გვესმის მსგავსი ტექსტი. თუმცა ხანდახან არის ის მომენტიც, როცა მომხმარებელს სანათი უნდა კონკრეტული ინტერიერისთვის, უნდა პატარა ან უნდა დიდი. ამ შემთხვევაში ვითვალისწინებთ მის მოთხოვნებს და მისთვის ვქმნით ახალ დიზაინს. ჩვენ არ ვართ შეზღუდულები არც ფორმაში, არც ზომაში და არც ფერებში. ჩემთვის უფრო საინტერესოა ახალ ნამუშევარზე მუშაობა. ერთგვარი აზარტია, როცა გაინტერესებს, რა გამოვა საბოლოოდ.  ყოფილა შემთხვევა, რომ ესკიზი უკვე მასალაში მუშაობისას შეცვლილა. ყოველ დეტალს ყურადღებით ვამუშავებთ და ვცდილობთ ჩვენ მიერ ჩაფიქრებული იდეალური ნამუშევრის ანალოგიური იყოს.

– საზღვარგარეთაც იყიდება თქვენი ნამუშევრები?

— ბევრჯერ გვქონია შემთხვევა, როცა თბილისში ყიდულობენ და შემდგომ საჩუქრად მიაქვთ საზღვარგარეთ. საზღვარგარეთიდანაც შეუკვეთავთ და ჩვენ გაგვიგზავნია. „სამშვენისის“ ნამუშევრების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, facebook-ის გვერდიდან. ჩვენი ნამუშევრების ნახვა ასე უფრო მოსახერხებელია როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ასევე უცხოეთში მყოფთათვის. გვაქვს ასევე ადგილზე მიტანის სერვისი.

© FB / Samshvenisi jewelleryბეჭედი
ბეჭედი - Sputnik საქართველო
ბეჭედი

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— განუწყვეტლივ ვმუშაობთ ბრენდის განვითარებაზე და უფრო საინტერესო ნამუშევრების შექმნაზე, ახალ დიზაინზე. მინდა, რომ „სამშვენისი“ ასოცირდებოდეს ლამაზ და ფერად ნივთებთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0