თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) ექსპერტები საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტები შეისწავლონ საერთაშორისო დონის ზამთრის შეჯიბრებების, მათ შორის, ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად.
სოკ-ის ექსპერტები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ-ი) პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს შეხვდნენ, აღნიშნულია სეოკ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. სპეციალისტები მონიტორინგის მსვლელობისას შეისწავლიან, თუ რა სახის სამუშაოები და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა საჭირო იმისთვის, რათა საქართველომ საერთაშორისო დონის სხვადასხვა ზამთრის შეჯიბრებებს უმასპინძლოს.
„მოხარული ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მისიით იმყოფებით საქართველოში. ჩვენი ქვეყანა დაინტერესებულია ზამთრის სპორტის განვითარებით, საქართველოს მთავრობას მასშტაბური, შეიძლება ითქვას, ამბიციური გეგმები აქვს და იმედია, რომ ერთიანი ძალისხმევით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ საბოლოო მიზანს", — განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
სოკ-მა საქართველოში ექსპერტთა ჯგუფის გამოგზავნის გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახს შორის 22 იანვარს ლოზანაში შეხვედრის შემდეგ მიიღო.
კვირიკაშვილისა და ბახის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მიზანია ზამთრის ოლიმპიური თამაშები მიიღოს.