ქართული ფილმის გამარჯვება ხორვატიის ფესტივალზე

© Sputnik / STRINGERგოგონა უყურებს ზაგრების კინოფესტივალის ვებ-გვერდს
გოგონა უყურებს ზაგრების კინოფესტივალის ვებ-გვერდს - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატი ონელის ფილმმა კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო „სპეციალური აღიარება".

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ქართველი რეჟისორის რატი ონელის დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი" ხორვატიაში მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალის ZagrebDox პრიზიორი გახდა. ფესტივალი ზაგრებში 25 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით პერიოდში გაიმართა.

ZagrebDox დოკუმენტური ფილმის კინოფორუმია, რომელიც 2005 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად თებერვლის ბოლოს იმართება ზაგრებში. მასზე თავიანთ შემოქმედებას წარადგენენ დოკუმენტალისტები მთელი მსოფლიოდან.

კინოფირი - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორის ფილმი საფრანგეთის დასაპყრობად მიდის

რატი ონელის ნამუშევარი კინოფესტივალზე აღინიშნა ჯილდოთი „სპეციალური აღიარება".

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ZagrebDox-ზე მთავარი პრიზი „საუკეთესო ფილმისთვის" მიიღო ქართველი რეჟისორის სალომე ჯაშის ფილმმა „დაისის მიზიდულობა".

ფილმი „მზის ქალაქი" პოსტ-აპოკალიპტური ქალაქი-აჩრდილის ჭიათურისა და მისი რამდენიმე მცხოვრების სიურრეალისტურ ხედვას წარმოადგენს. ამ გმირების ცხოვრება, ბედი და ოცნებები იმ ადგილის ნანგრევების ფონზე ვითარდება, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო თავისი არქიტექტურული და ტექნოლოგიური მიღწევებით და, განსაკუთრებით — მანგანუმის შახტით.

ფილმის სცენარის ავტორები არიან რატი ონელი და დეა კულუმბეგაშვილი. გადაღებებზე მუშაობა კინოსტუდია OFA-მ 2013 წელს დაიწყო საქართველოს, ჰოლანდიის, აშშ-ისა და კატარის კოპროდუქციის ფარგლებში. ფილმში მონაწილეობენ ზურაბ გელაშვილი, არჩილ ხვედელიძე, ირინა ფხალაძე და მარიამ ფხალაძე.

ფილმის პრემიერა 2017 წლის თებერვალში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

© FB / DocumentaMadridრატი ონელი
Рати Онели - Sputnik საქართველო
რატი ონელი

ფილმს უკვე შთამბეჭდავი ჯილდოები აქვს მიღებული: პრიზი საუკეთესო ფილმისათვის ამსტერდამში დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე და სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი 2016 წელს. 2017 წლის აპრილში "მზის ქალაქმა" ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვისბადენში (გერმანია) კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების პრიზი მიიღო; ესპანეთში კი DocumentaMadrid-ზე — დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე — მთავარი პრიზი "საუკეთესო ფილმისათვის“.

რატი ონელი თბილისელია. ის 1999-2014 წლებში აშშ-ში ცხოვრობდა. შეისწავლა საერთაშორისო ურთიერთობები თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში. აქვს ევროპის უმაღლესი სკოლის (European Graduate School) ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

2014 წელს რატი ონელი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმის „უხილავი სივრცე" (Invisible Spaces) პროდიუსერი, რომლის პრემიერა კანის ფესტივალზე გაიმართა, ხოლო სურათი „პალმის რტოს" ნომინაციაზე იყო წარდგენილი. 2016 წელს რატი გახდა „ლეთას" კოპროდიუსერი, რომლის პრემიერა წარმატებით გაიმართა კანში პროგრამის Director"s Fortnight ფარგლებში.

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი" რატი ონელის სადებიუტო ნამუშევარია.

ყველა ახალი ამბავი
0