ქართველი რეჟისორის ფილმი საფრანგეთის დასაპყრობად მიდის

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ფილმი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყველაზე პრესტიჟულ კინოფორუმზე მოხვდა.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ქართველი რეჟისორის თორნიკე ბზიავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი "თევზაობა" კლერმონ-ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალის ეროვნულ კონკურსში მოხვდა, რომელიც საფრანგეთში 2-10 თებერვლის პერიოდში ჩატარდება.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი Festival International du court metrage Clermont-Ferrand, რომელიც 1979 წელს დაფუძნდა, დღეისათვის მოკლემეტრაჟიანი კინოფილმებისადმი მიძღვნილი ყველაზე პრესტიჟული კინოფორუმია მსოფლიოში.

რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი თორნიკე ბზიავა — ცნობილი კინორეჟისორისა და სცენარისტის სიმონ (სიკო) დოლიძის შვილიშვილი და ქართველი თეატრალური რეჟისორის ქეთი დოლიძის შვილია. როგორც მსახიობი, იგი გადაღებულია ფილმებში — რუსუდან ჭყონიას "გაიღიმე", ზაზა რუსაძის "ჩემი საბნის ნაკეცები", რენი ჰარლინის "აგვისტოს ხუთი დღე", ზაზა ურუშაძის "სამი სახლი", ლევან თუთბერიძის "ცხრა მთას იქით" და ა.შ. იგი რეჟისორია ფილმებისა: "თბილისური სიყვარულის ისტორია", "ბუდე", "აპრილის სუსხი" და სხვა.

კადრი ფილმიდან „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ - Sputnik საქართველო
„საუკეთესო ფილმები 2017, რომლებიც არ გინახავთ“ - ქართული ფილმი ტოპ-ხუთეულშია

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო და სარეჟისორო ფაკულტეტების კურსდამთავრებულმა თორნიკე ბზიავამ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტზე გააგრძელა, სადაც შეისწავლა ინგლისური ენა და ლიტერატურა. სარეჟისორო ოსტატობაში მასტერ-კლასები ლონდონში ინგლისელ რეჟისორ პიტერ ბრუკთან და ასევე ოლეგ ტაბაკოვის სკოლა-სტუდიაში გაიარა.

კლერმონ-ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალში თორნიკე ბზიავა მესამედ იღებს მონაწილეობას. 2010 წელს ქართველმა რეჟისორმა საფრანგეთში საკუთარი ფილმი "აპრილის სუსხი" წარადგინა, რომელიც ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა, ხოლო 2016 წელს მისმა ფილმმა "მექელეხე" მაყურებლის ჯილდო დაიმსახურა.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, წელს ფესტივალის კონკურსში მონაწილეობს ბზიავას ფილმი "თევზაობა" — საქართველოსა და საფრანგეთის კოპროდუქცია. ფილმი ნარკოპოლიტიკას, პოლიციელების სისასტიკეს, მართლმსაჯულებასა და ძალადობას ეხება.

"წარმატებებს ვუსურვებთ ფილმ "თევზაობის" მთელ შემოქმედებით ჯგუფს!" — ნათქვამია საქართველოს კინოცენტრის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0