თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ, საფრანგეთმა, ისლანდიამ და შვედეთმა უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის გამო შეშფოთება გამოხატა. საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნების უვიზო სტუმრობა 2017 წლის მარტიდან შეუძლიათ.
„შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღეს დღის წესრიგში არ დგას. თუმცა ჩვენ პროცესს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ჩვენ გერმანელ და სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ“, — განაცხადა ზალკალიანმა.
ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისში გერმანული დელეგაციიის ვიზიტისას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ნაყოფიერი შეხვედრები შედგა. სამშაბათს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი კრისტიან კლოსი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში ანეტ გიუნტერი.
„გუშინ ჩვენ გერმანელ პარტნიორებთან როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე სხვა უწყებებში, კერძოდ, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ახლოს მიგვაქვს ის წუხილი, რომელიც ჩვენს გერმანელ პარტნიორებს აქვთ და გუშინდელი შეხვედრაც სწორედ პრევენციული მექანიზმების შემუშავებას ემსახურებოდა“, — ხაზგასმით აღნიშნა ზალკალიანმა.
ამავე დროს „რადიო თავისუფლებას“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ ჟოზვიაკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე ამტკიცებს, რომ გერმანია უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხის დასმას აპირებს.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 8 მარტს ბრიუსელში გაიმართება, გერმანია უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხს დასვამს. შეჩერების მექანიზმზე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. 8-10 მარტს ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ იმ ძალისხმევების თაობაზე, რომლებსაც საქართველო ამ მიმართულებით ახორციელებს“, — წერს ჟოზვიაკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
მანამდე გერმანიის რაინ-ვესტფალიის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა არ გამორიცხა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, თუ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კიდევ გაიზრდებოდა.
საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართა კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება.
გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება, რადგან საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, რომლებსაც თავშესაფარზე უარს ეუბნებიან, ბრუნდება სამშობლოში, ნათესავების გვარზე გადადის და ისევ ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრება.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.