თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს 2018 წლის თებერვალში 440,8 ათასზე მეტი მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 73 ათასით (20%) მეტია, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით, იმ მოგზაურთა რიცხვი, რომლებიც საქართველოში 24 საათზე მეტხანს დარჩნენ, თითქმის 178 ათასია, რაც 2017 წლის თებერვლის მაჩვენებელზე თითქმის 38 ათასით (27%) მეტია.
„2018 წელიწადი იქნება ახალი რეკორდების წელიწადი, მათ შორის პირველად ჩვენი ქვეყანა გადალახავს წელიწადში რვამილიონიან ნიშნულს საერთაშორისო მოგზაურების კუთხით, ხოლო შემოსავლები ტურიზმიდან პირველად გადასცდება სამ მილიარდ ამერიკულ დოლარს", — განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
2018 წლის თებერვალში საქართველოს ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავდა აზერბაიჯანიდან (+2,2% გასულ წელთან შედარებით), სომხეთიდან (+27,1%), თურქეთიდან (+28,1%), რუსეთიდან (+24,2%) და ირანიდან (+130,6%).
ჩოგოვაძის ინფორმაციით, დადებითი ტენდენციაა შენარჩუნებული ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების მხრივ. 2018 წლის თებერვალში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ დიდი ბრიტანეთი (+49%), ლიტვა (+36%), საფრანგეთი (+31%), გერმანია (+21%).
რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი (+134%), ირანი (+131%), ჩინეთი (+83%), ისრაელი (+73%), ინდოეთი (+37%).
2018 წლის პირველ ორ თვეში საქართველოს 885 ათასზე მეტი სტუმარი ეწვია, რაც 130 ათასით მეტია (+17,2%) გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2018 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ვიზიტორების რაოდენობა, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ, 367,3 ათასზე მეტია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 73,3 ათასით (+24,9%) მეტია.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველოში გრძელდება ტურიზმის დინამიური ზრდა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ სამი წლის წინ ჩვენმა მთავრობამ მიიღო ტურიზმის განვითარების ახალი სტრატეგია", — აღნიშნა ჩოგოვაძემ.