თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს იანვარში 444,2 ათასზე მეტი უცხოელი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,7%-ით მეტია, განაცხადა ბრიფინგზე ორშაბათს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ჩოგოვაძემ.
იანვრის პერიოდში იმ ტურისტების რიცხვი, რომლებიც საქართველოში 24 საათისა და მეტის განმავლობაში იმყოფებოდნენ, დაახლოებით 189,5 ათასია, რაც გასული წლის მონაცემებს 23%-ით ჭარბობს.
დროის ამ პერიოდში საქართველოს ყველაზე ხშირად აზერბაიჯანის მოქალაქეები (+0,8%) სტუმრობდნენ. ლიდერთა ხუთეულში არიან ასევე თურქეთის (+20,1%), სომხეთის (+20,9%), რუსეთისა (+14,6%) და ირანის (+92,4%) მოქალაქეები.
ჩოგოვაძის თქმით, პოზიტიური ტენდენციაა შენარჩუნებული ევროკავშირის ქვეყნებიდან. იანვარში ლიდერთა შორის არიან ჩეხეთის (+59%), ლატვიის (+46%), დიდი ბრიტანეთის (+31%), ჰოლანდიის (+28%), ლიტვის (+16%) მოქალაქეები.
ვიზიტორების რაოდენობის დიდი ზრდა დაფიქსირდა ქუვეითიდან (+131%), საუდის არაბეთიდან (+127%), ირანიდან (+92%), ისრაელიდან (+77%), ინდოეთიდან (+48%), თურქეთიდან (+20%).
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ 2017 წელს ქვეყანას უცხოელების უპრეცედენტო რაოდენობა ეწვია — 7,5 მილიონი ადამიანი. მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები ტურიზმიდან და, წინასწარი მონაცემებით, ამ შემოსავლებმა 2,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.