თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ბაკურიანში მიწათსარგებლობის გეგმა, რომლის თანახმად მშენებლობის წესები მკაცრდება, განაცხადა სამშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება ვიზიტორტა რიცხვი, რომლებსაც ქართული კურორტები იზიდავს. მხოლოდ 2018 წლის თებერვალში საქართველოს 440,8 ათასი ადამიანი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია.
„წლების განმავლობაში ბაკურიანში მიმდინარე უსისტემო მშენებლობამ გამოიწვია, როგორც გარეგნული იერსახის დაზიანება, ასევე ტყის ფონდის განადგურება და ვიდრე ჯერ კიდევ გვიანი არ არის, დღეს უკვე პრაქტიკულად ვაწესებთ ძალიან მკაცრ რეგულაციებს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბაკურიანში მიწათსარგებლობის გეგმა მოიცავს არამარტო სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდას და ერთმანეთთან დაკავშირებას, ასევე პარკის მოწყობას, მდინარე ბაკურიანულასთან სარეკრეაციო ზონის შექმნას, საბავშო მოედნების, კემპინგების, საფეხმავლო გზების, პარკირების მოწესრიგებას და ა.შ.
„ამ რეგულაციების საშუალებით ბაკურიანი უნდა გადაიქცეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ოთხი სეზონის სამთო კურორტად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გეგმა ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ამ უმნიშვნელოვანესი კურორტის განვითარებისთვის“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ტურისტების შეუფერხებელი გადაადგილებისთვის მოეწყობა დამატებითი გზები, გაფართოვდება და კეთილმოეწყობა პარკინგი, ტურისტთა მზარდი რაოდენობიდან გამომდინარე ბაკურიანში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
ბაკურიანი — კავკასიის უძველესი სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
საქართველოს ზამთრის კურორტებზე ზამთრის სეზონი დეკემბრის ბოლოს იწყება და აპრილის დასაწყისში იხურება. კურორტების სტუმრებთან მუშაობენ სათხილამურო მენეჯერები, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები საფრანგეთსა და შვეიცარიაში გაიარეს.
დამსვენებელთა უსაფრთხოებას სათხილამურო პატრული იცავს.