გამოცდები 2018 – როდემდეა შესაძლებელი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის გავლა

© National Assessment and Examinations Centerსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნებათ.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა, რომელიც 5 მარტს, 15:00 საათზე დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება, ელექტრონულად შეუძლიათ ვებ-გვერდებზე (www.naec.gov.ge ან online.naec.ge).

ბავშვები წიგნს კითხულობენ - Sputnik საქართველო
ვინ შეარჩევს სასკოლო სახელმძღვანელოებს

ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე აბიტურიენტები შეიტანენ პირად მონაცემებს და აირჩევენ საგამოცდო ქალაქსა და ჩასაბარებელ საგნებს.

„30 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 მაისის 18:00 საათამდე შეუძლია გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა. ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნება", – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისთვის) 10 ლარია, პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის რეგისტრაცია უფასოა, ხოლო მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარს შეადგენს.

ცენტრის განცხადებით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის ტესტირება ქართულ ენაზე ჩატარდება. მასწავლებლის საგნის გამოცდის ჩაბარება კი შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (გარდა I-IV კლასებისა).

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე სიახლე იგეგმება. კერძოდ, წელს აპლიკანტებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ საკუთარი გელიანი (ტუშის) კალმის შეტანა გამოცდაზე.

ასევე, რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, სადაც განთავსდება ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.

არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება — აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან.

გამოცდა - Sputnik საქართველო
აბიტურიენტების საყურადღებოდ: სიახლეები 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

კიდევ ერთი სიახლე ზოგადი უნარების ტესტებს ეხება. კერძოდ, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ზოგადი უნარების ტესტის ფორმატი ოდნავ განსხვავებული იქნება. ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი. წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებებთან ერთად ანალოგიებზე მუშაობა აბიტურიენტებს მათი უნარების უკეთ გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს.

2005 წელს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მისაღები გამოცდების ძველი სისტემა ახლით შეიცვალა. იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა წარმატებით უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო საგანი: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და კიდევ ერთი გამოცდა — შერჩევით.

2016 წლიდან გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება. აბიტურიენტები კითხვებს ელექტრონული სახით იღებენ, ხოლო პასუხებს წერილობით გასცემენ.

გამოცდის ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში გამოცდის ელექტრონული ფორმატის სრულად დანერგვაა.

ყველა ახალი ამბავი
0