საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ცხედარს ორშაბათს ჩამოასვენებენ

© FB / Gia Maisashviliგია მაისაშვილი
გია მაისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გია მაისაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 26 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ქართველი ეკონომისტის, პოლიტიკოსის, გია მაისაშვილის ცხედარს აშშ-დან საქართველოში ორშაბათს ჩამოასვენებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, „ლიდერთა სკოლის" დამაარსებელი გია მაისაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 26 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.

როგორც მაისაშვილის ძმამ, ანზორ მაისაშვილმა განაცხადა,  ცხედარს სამშობლოში 5 მარტს, გამთენიისას 04:30 საათზე ჩამოასვენებენ და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

გია მაისაშვილი - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა გია მაისაშვილი

მაისაშვილს 6 მარტს, კოსტა ხეთაგურის 7 ნომერში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

პოლიტიკოსი და „ლიდერთა სკოლის" დამფუძნებელი გია მაისაშვილი ბოლო წლები მძიმე დაავადებას ებრძოდა — 2015 წელს მას ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ბოლო წლებში ის აშშ-ში ცხოვრობდა.

მაისაშვილი პროფესიით ეკონომისტი იყო. 1993 წელს მან სტენფორდის უნივერსიტეტში გაიარა სპეციალური კურსი "საზოგადოებრივი პოლიტიკა და ეკონომიკური განვითარება“ (Public Policy and Economic Development). 1997 წელს დაამთავრა კენედის სახელობის ჰარვარდის უნივერსიტეტის სამთავრობო სკოლა.

მაისაშვილი 2003 წელს სამშობლოში დაბრუნდა და იმ დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური მრჩეველი გახდა.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მაისაშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო პოლიტიკური გაერთიანებიდან „მომავლის პარტია".

 

ყველა ახალი ამბავი
0