გარდაიცვალა გია მაისაშვილი

© FB / Joze Koduaგია მაისაშვილი
გია მაისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გია მაისაშვილის ბოლო სურვილი სამშობლოში სიკვდილი იყო, მაგრამ ეს სურვილი ვერ განხორციელდა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. გარდაიცვალა საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, „ლიდერთა სკოლის" დამაარსებელი გია მაისაშვილი.

„გია აღარ არის… საქართველომ დიდი მამულიშვილი დაკარგა. ჩვენ ვერ შევასრულეთ მისი ბოლო სურვილი — მომკვდარიყო სამშობლოში“, — ნათქვამია მაისაშვილის Facebook-გვერდზე.

გასულ კვირაში პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ დაწერა, რომ მაისაშვილი აშშ-დან საქართველოში გადმოყვანას ითხოვდა — ეს იყო მისი უკანასკნელი სურვილი.

ეს დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული — საჭირო იყო 160 ათასი აშშ დოლარი. კუკავამ საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს მიმართა და სთხოვა, რომ აუცილებელი თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოეყო.

პოლიტიკოსი და „ლიდერთა სკოლის" დამფუძნებელი გია მაისაშვილი ბოლო წლები მძიმე დაავადებას ებრძოდა — 2015 წელს მას ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ბოლო წლებში ის აშშ-ში ცხოვრობდა.

მაისაშვილი პროფესიით ეკონომისტი იყო. 1993 წელს მან სტენფორდის უნივერსიტეტში გაიარა სპეციალური კურსი "საზოგადოებრივი პოლიტიკა და ეკონომიკური განვითარება“ (Public Policy and Economic Development). 1997 წელს დაამთავრა კენედის სახელობის ჰარვარდის უნივერსიტეტის სამთავრობო სკოლა.

მაისაშვილი 2003 წელს სამშობლოში დაბრუნდა და იმ დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური მრჩეველი გახდა.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მაისაშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო პოლიტიკური გაერთიანებიდან „მომავლის პარტია".

ყველა ახალი ამბავი
0