ემუქრება თუ არა თბილისს კატასტროფა და მშენებლობის წესების დარღვევის მოსალოდნელი შედეგი

© photo: Sputnikახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საბურთალოზე
ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საბურთალოზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში, ბოლო წლებში ნამდვილი სამშენებლო ბუმია, მაგრამ აშენებული შენობების ხარისხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის

ბოლო დროს საქართველოში მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევებზე ალაპარაკდნენ, რასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ზომების გამკაცრება გადაწყვიტა.

„უსაფრთხოებისა და პროდუქტების თავისუფალი ბრუნვის შესახებ კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 3000 ლარიდან 30 000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

იმის შესახებ, რამდენად არის დაცული მშენებლობის ნორმები, შეიძლება თუ არა თბილისში მაღალსართულიანი შენობების აშენება და რა შედეგი შეიძლება მოყვეს კანონის დარღვევას, „Sputnik-საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მშენებელთა ლიგის“ თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძემ ისაუბრა.

- თქვენი აზრით, როგორ ვითარდება საქართველოში სამშენებლო დარგი?

მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
მშენებლობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები თბილისში 10-ჯერ გაიზრდება

— სამშენებლო დარგი სავალალო მდგომარეობაშია. ეს პრობლემები მას მერე გაჩნდა, რაც 2004 წელს საქართველოს ყოფილმა მთავრობამ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, გააუქმა მშენებლობის სამინისტრო, რომელიც სეისმოუსაფრთხოებისა და უსაფრთხოების სამშენებლო ნორმების დაცვის მთავარი გარანტია. 

არასდროს, არცერთ ქვეყანაში, უკრაინის გარდა, არავის არ გაუუქმებია მშენებლობის სამინისტრო. ის ევროკავშირის მრავალ ქვეყანაშიც არსებობს. უკრაინაში იუშჩენკო მიხვდა, რომ მშენებლობის სამინისტროს არარსებობა არაფერ კარგს არ მოიტანდა, და ოთხ წელიწადში ის აღადგინა. 

ჩვენ შემთხვევაში უკვე 14 წელი გავიდა, რაც ეს უწყება არ არსებობს. 14 წლის განმავლობაში სამშენებლო დარგი აგურ-აგურ იშლება და დღეს იმდენად გამოუვალ მდგომარეობაში ვართ, რომ აქედან გამოსავლის პოვნა უკვე ძალიან რთულია.

- ნუთუ ახლა მშენებლობას არავინ აკონტროლებს?

— იმ დროს საქართველოს მშენებლობის სამინისტრო მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ დარგის ყველაზე გამოჩენილი და ავტორიტეტული სამინისტრო იყო. საბჭოთა კავშირში ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი — სამოქალაქო, სამრეწველო შენობები, ტექნიკური ნაგებობები — ყველაფერი ძირითადად საქართველოს სამინისტროში პროექტდებოდა. დღეს კი ყველაფერი წაიშალა და დაინგრა.

თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქის მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
ხარისხი უპირველეს ყოვლისა - კალაძემ თანამშრომლებს ყურადღებისკენ მოუწოდა

250-კაციანი სამინისტრო დაშალეს და ეკონომიკის სამინისტროში 10-კაციანი დეპარტამენტი დატოვეს. ეს დეპარტამენტი ამ დარგისთვის არაფერ ქმედითს არ აკეთებს. მაშინ ჩვენ შევქმენით არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მშენებელთა ლიგა“ და დღემდე ვიბრძვით მშენებლობის სამინისტროს აღდგენისთვის. ფაქტობრივად, ჩვენთან სამშენებლო დარგში საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მშენებლობის კუთხით ძალიან ჩამორჩება — ყველა სტანდარტი უხეშად ირღვევა.

- რა სტანდარტებზეა საუბარი?

— ერთ-ერთი კანონი, რომელიც, ასე ვთვათ, არის ჩვენს ქვეყანაში, 2010 წელს ამოქმედდა. ის ე.წ. სეისმოუსაფრთხო მშენებლობას გულისხმობს, და მთელი საქართველოს მასშტაბით ის უკვე წლებია ირღვევა. რაში მდგომარეობს ის? რკინაბეტონის კარკასის მქონე შენობა არ უნდა აღემატებოდეს 12 სართულს, ხოლო თუ შენობა ურიგელო კარკასიდანაა, მისი სიმაღლე შვიდ სართულს არ უნდა აღემატებოდეს. ახლა გადავხედოთ თბილისს. 15, 20, 30 და 40-სართულიანი შენობებიც კი დგას. ეს ბათუმშიც კი გავრცელდა. დასკვნა ერთია — ყველა ეს შენობა უკანონოდ არის აშენებული. მთელი ძალებით ვიბრძვით, რომ ამ უკანონო განაშენიანების ტალღა შეწყდეს.

არსებობს სხვა პრობლემაც — გაჩერებული მშენებლობები. ეს არის ასობით და ათასობით ობიექტი. და ის ღია ცის ქვეშ 10, 15, 20 წელი დგას. ასეთი შენობების აშენების გაგრძელებამდე საჭიროა მათი შემოწმება სეისმომდგრადობაზე, რადგან მშენებლობის გაჩერებამდე საკონსერვაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. ზოგჯერ კვლევაც კი არ არის საჭიროა, რათა მათი ავარიულობა დაგინდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ შენობის დასრულება მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ყოველგვარი შემოწმების გარეშე ხორციელდება.

- რაში ხედავთ გამოსავალს?

ახალი მშენებლობები საბურთალოს რაიონში - Sputnik საქართველო
სამშენებლო ბუმი თუ სასიკვდილო განაჩენი - სეისმოლოგები განგაშს ტეხენ

— პირველი — უნდა აღდგეს მშენებლობის სამინისტრო. მეორე ის არის, რომ ჩვენ, ექსპერტთა ჯგუფი ჩვენი ახალი მერის, კახა კალაძის მიმართ ერთობლივ ღია წერილს ვამზადებთ, რათა მან მოგვისმინოს და რაიმე ზომები მიიღოს, რომ ეს კანონი დაცული იყოს. რადგან, თუ ჩარევა არ მოხდება და ეს განაშენიანება არ შეწყდება, ქალაქს კატასტროფა დაემუქრება.

- რა შეიძლება მოხდეს თბილისში?

— შეგახსენებთ, რომ თბილისი 8-ბალიან სეისმოზონაში მდებარეობს, შესაბამისად, ქალაქმა შეიძლება რვაბალიანი მიწისძვრა გადაიტანოს ისე, რომ ნგრევა არ დაიწყოს. მაგრამ ამ ფაქტს ართულებს ის, რომ თბილისში უკვე 27 წელია არსად არცერთი შენობის შემოწმება სეისმომდგრადობაზე არ ჩატარებულა. ჩვენ, „საქართველოს მშენებელთა ლიგას“ გვსურს, რომ რაღაცა ცვლილებები მოხდეს.

შენობების შემოწმება აუცილებელია, რადგან ადამიანები შეუმოწმებელ შენობებში სახლდებიან, მათ ამის ნებას აძლევენ, ეს კი უდიდესი დანაშაულია არამხოლოდ დღევანდელი, არამედ მომავალი თაობების წინაშე. არსებობს დიდი ალბათობა, რომ ამ 27 წლის განმავლობაში აშენებული შენონების 90-95% ამ 8-ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს, ამიტომ საქართველო — თბილისი და ბათუმი უახლოეს წლებში დიდი კატასტროფის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. თუ ამას ახლა არ შევაჩერებთ, ქალაქის სიცოცხლე საფრთხეში შეიძლება აღმოჩნდეს.


ყველა ახალი ამბავი
0