თბილისი, 1 მარტი — Sputnik. სავალუტო ჯიხურები ვალდებული არიან ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და შესაბამისი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, გააუქმონ შესრულებული ოპერაცია და დააბრუნონ გაცვლილი თანხა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
მომხმარებლისთვის გადაცვლილი თანხის დაბრუნებას, მოთხოვნის შემთხვევაში, სავალუტო ჯიხურებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი ავალდებულებს, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე დაამტკიცა და შევიდა კიდეც ძალაში 1 მარტიდან.
გარდა ამისა, სავალუტო ჯიხურებისთვის მკაცრდება სარეგისტრაციო მოთხოვნები შესაფერისობის კრიტერიუმებისა და საოპერაციო ფართის მოწყობის კუთხით.
28 თებერვლამდე რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს საქმიანობის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ვადა 2019 წლის 1 იანვრამდე მიეცათ, ხოლო 28 თებერვლიდან დარეგისტრირებულმა ჯიხურებმა საქმიანობა ახალი წესების სრული დაცვით უნდა განახორციელონ.
ეროვნული ბანკის ცნობით, ახალი წესების მიღება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით მოხდა.
განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად აფასებს საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე.
„ეს ცვლილებები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ სავალუტო ჯიხურების ფუნქციონირებას უფრო მოაწესრიგებს და ამავე დროს გაუადვილებს მომხმარებელს მათთან ურთიერთობას", — აღნიშნა დავით კიკვიძემ „Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას.
ექსპერტის თქმით, იყო შემთხვევები, როცა მომხმარებლებს დროულად არ აწვდიდნენ ინფორმაციას საკომისიოს შესახებ ან აპარებდნენ ყალბ კუპიურებს და მერე ამის დამტკიცება ვერ ხერხებოდა. ამას გარდა ახალი ცვლილებები ჯიხურების მფლობელებს ვიდეოკამერების სიტემის მოწესრიგებას დაავალდებულებს.