საქართველოს პირველი პირები დაღუპული მოსწავლის ოჯახს უსამძიმრებენ

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შუშის ჩამოვარდნის შედეგად მოსწავლის დაღუპვის საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადეს 14 წლის ასლან მამედოვის ოჯახს, რომელიც ფასადური შუშის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა ოთხშაბათ შუადღეს მოხდა. ფონიჭალაში მდებარე 70-ე სკოლის მოსწავლეები ექსკურსიიდან დაბრუნდნენ და ბარათაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მამედოვსა და კიდევ ხუთ მოსწავლეს დაეცა შუშა, რომელიც შენობის ფასადურ ნაწილზე იყო დამაგრებული. დაშავებულები მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მამედოვის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და ოპერაციამდე გარდაიცვალა.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 წლის ასლან მამედოვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის მშობლებს, ოჯახს, თანატოლებსა და პედაგოგებს. სრულიად შეძრული ვარ მომხდარით და სიტყვები არ მყოფნის ამ ტკივილის გადმოსაცემად…“, — წერს კვირიკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

სამძიმრის სიტყვები მარგველაშვილმაც გამოთქვა.

112 - Sputnik საქართველო
თბილისში შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული მოზარდებიდან ერთი გარდაიცვალა

„უაღრესად დამწუხრებული ვარ, ბარათაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევისას 14 წლის მოზარდის ასლან მამედოვის დაღუპვის გამო. ამ მძიმე წუთებში ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და მეგობრებს“, — წერს სახელმწიფოს მეთაური.

მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 

თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცოტა ხნის წინ, შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ აღნიშნული საქმის გადაკვალიფიცირება მოხდა.

„დანარჩენი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ამ მძიმე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით [სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით], დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს“, — განაცხადა ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ. 

ბრალდებულებს 5 წლამდე თავისუფლების შეზღუდვა ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჭელიძემ შსს-ს სახელით დაღუპული მოზარდის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, რომელიც ზემოაღნიშნულ შენობაში მდებარეობს, დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. სოციალური ქსელ Facebook-ზე ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ბოლოჯერ მოსაპირკეთებელი სამუშაოები 2008 წელს ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0