დევიდ ლინჩის ფონდი თბილისში გაცნობით ლექციებს იწყებს

გამოწერა
კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის ერთ-ერთი მიმართულების - ტრანსცენდენტული მედიტაციის ლექციაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიაში, რომლის ბაზაზე უახლოეს პერიოდში თბილისში კინემატოგრაფისტების საერთაშორისო დონის სასწავლებელი გაიხსნება, პირველ გაცნობითი ხასიათის ლექციებს იწყებს, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

კავკასიაში „დევიდ ლინჩის ფონდი" 2017 წლის 25 ივლისს დაარსდა და იგი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს მოიცავს.

ლივ ტაილერი და გიორგი აგლაძე - Sputnik საქართველო
ვარსკვლავები ლივ ტაილერი და სტელა მაკარტნი საქართველოს დაუახლოვდნენ

ფონდი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. გარდა უნივერსიტეტის დაარსებისა და კინოვარსკვლავებთან შეხვედრების ორგანიზებისა, ფონდის მიზანია ტრანსცენდენტული მედიტაციის პროგრამის მეშვეობით ტრავმისა და ტოქსიკური სტრესის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯანმრთელობის, შემეცნებითი უნარების და შრომისუნარიანობის გაუმჯობესება, ასევე საზოგადოებაში მათი ინტეგრირება.

პირველი უფასო გაცნობითი ხასიათის ლექცია ტრანსცენდენტული მედიტაციის შესახებ გაიმართება თბილისში შაბათს, 3 მარტს „დევიდ ლინჩის ფონდის" კავკასიის წარმომადგენლობის ოფისში, მისამართზე: მოსაშვილის 13, მეოთხე სართული.

ლექციას ინგლისურ ენაზე ჩაატარებს ტრანსცენდენტული მედიტაციის საერთაშორისო სერტიფიცირებული მასწავლებელი ეკეჰარტ კალი. ეკეჰარტ კალი 1992 წლიდან მოღვაწეობს ამ სფეროში და ასწავლის TM ტექნიკას. ის ასევე მუშაობდა მაჰარიში მაჰეშ იოგის პირადი მდივნის დრ. რეინჰარდ ბოროვიცის ასისტენტად.

ლექციის შემდეგ მსურველები შეძლებენ ტრანსცენდენტული მედიტაციის ოთხწლიან კურსზე ჩაწერას.

ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა დევიდ ლინჩმა თბილისში სასწავლო დაწესებულების გახსნის გეგმაზე ისაუბრა - Sputnik საქართველო
რას შეასწავლის დევიდ ლინჩის კინოსკოლა საქართველოში

დევიდ ლინჩის ფონდი, როგორც არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, 2005 წელს დააფუძნეს. იგი მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს მედიტაციის სწავლის საშუალებას აძლევს. ლინჩი მიიჩნევს, რომ მედიტაცია ცნობიერების გაფართოებაში ეხმარება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მის შემოღებას ემხრობა, რადგან თვლის, რომ ეს შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას და აგრესიის შემცირებას დაეხმარება.

დევიდ ლინჩი — რეჟისორი, მწერალი და პროდიუსერია, ასევე „იდეალური განათლების განვითარებისთვის და მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისათვის დევიდ ლინჩის ფონდის" დამაარსებელი და სამეურვეო საბჭოს თამჯდომარე. ლინჩის ფონდში ცნობილი არტისტები არიან გაერთიანებული.

დევიდ ლინჩი საქართველოს პირველად 2017 წლის ნოემბერში ეწვია.

ყველა ახალი ამბავი
0