რას შეასწავლის დევიდ ლინჩის კინოსკოლა საქართველოში

გამოწერა

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას ისწავლიან დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოში.

რეჟისორის თქმით, ეს სკოლა ტექნიკური ცოდნის მიღების საშუალებასა და ცნობილი კინემატოგრაფისტების მაგალითზე კინოს გადაღების შესწავლის შანსს იძლევა. 

„სკოლების დიდი მოყვარული არ ვარ. ვაღიარებ, ვერასდროს ვიტანდი უნივერსიტეტებს. ეს ოთხ წლიანი დროის კარგვა იყო. თუმცა ახლა, წლების შემდეგ, მჯერა, რომ უნივერსიტეტში ტექნიკური განათლების მიღების უნიკალური შანსები არსებობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კამერის პრინციპების ცოდნა და ტექნიკური უნარების შეძენა. ამ სკოლის მეორე პრინციპი იქნება პრაქტიკასთან ერთად სწავლა, ანუ დიდი კინემატოგრაფისტების გამოცდილების გამოყენებით ცოდნის სრულყოფა. მინდა აღვნიშნო, რომ საჭიროა სამუშაოთი სიამოვნების მიღება. საჭიროა ყოველი დღით ტკბობა, ლამაზი კადრების გადაღება. ყოველთვის მიყვარდა ჩემი საქმე და ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებდი. ეს არის მთავარი წესი“, — აღნიშნა დევიდ ლინჩმა.

როგორც კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის (DLFC) ხელმძღვანელმა გიგა აგლაძემ განაცხადა, დევიდ ლინჩის უნივერსიტეტის დაარსების ზუსტი თარიღი, ადგილმდებარეობა და სხვა ინფორმაცია ცნობილი გახდება რეჟისორის თბილისში ვიზიტის დასრულებისა და ქვეყნის ხელისუფლებასთან დეტალების განხილვის შემდეგ. თუმცა ეს არ იქნება ხვალ, დაამატა აგლაძემ. შეგახსენებთ, ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორის, მუსიკოსის, სცენარისტის, მხატვრისა და ფოტოგრაფი დევიდ ლინჩის ვიზიტი საქართველოში ოთხი დღის განმავლობაში 18-21 ნოემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0