თბილისი, 27 თებერვალი — Sputik. მეხანძრეებმა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა რვა საათის შემდეგ შეძლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ხანძარი სამსართულიანი შენობის მეორე სართულზე დაახლოებით 0:15 საათზე გაჩნდა. დაიწვა დაახლოებით 3 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი.
შენობაში პროდუქტებისა და ტანსაცმლის მაღაზიები იყო განთავსებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხანძრის სწრაფ გავრცელებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ სართულზე საბურავებიც იყო.
ღამით შემთხვევის ადგილზე სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები და სავაჭრო წერტილების მფლობელები შეიკრიბნენ. რამდენიმე მათგანმა პოლიციის კორდონი გაარღვია და შენობაში შევიდა. ხუთი წუთის შემდეგ ისინი შენობიდან გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ხანძარმა მათი საქონელი მთლიანად გაანადგურა.
ტელეკომპანია Rustavi2–ის მონაცემებით, სავაჭრო წერტილების მფლობელები ვარაუდობენ, რომ ეს მიზანმიმართულად გაჩენილი ხანძარი იყო. მათი სიტყვებით, შენობაში ელექტროსისტემა სულ ახლახან გამოცვალეს, შესაბამისად, ისინი გამორიცხავენ, რომ ელექტროსისტემის გაუმართაობა ყოფილიყო ხანძრის მიზეზი.
ბევრი მათგანი აცხადებს, რომ საქონელი დაზღვეული არ ჰქონდათ და თუ მათი მაღაზიები მთლიანად დაიწვა, ზარალი 20 ათას ლარს გადააჭარბებს.
დამწვარი ბაზრის ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, რაც გამოძიებას ხანძრის გაჩენის მიზეზების დადგენაში დაეხმარება, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა.