კალაძე ნარიყალასთან დაკავშირებით: მგონია, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია

© Sputnik / STRINGERსამშენებლო სამუშაოები ნარიყალას ძირში
სამშენებლო სამუშაოები ნარიყალას ძირში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა ნარიყალას ციხის ძირში სამშენებლო ტექნიკის განთავსება განმარტა.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ნარიყალას ციხის ძირში სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობდა და არ არის გამორიცხული, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ბოლო დროს Facebook-ის ქართულ სეგმენტში აქტიურად ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნარიყალას ძირში მძიმე ტექნიკა მუშაობს. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სოციალური ქსელის ზოგიერთმა მომხმარებელმა გამოთქვა ვერსია, რომ ისტორიული ციხე-სიმაგრის ქვეშ ახალი შენობის აშენება იგეგმება. თბილისის მერიის პრეს-ცენტრში განმარტეს, რომ ტერიტორია არქეოლოგიური სამუშაოების დაწყების მიზნით იწმინდებოდა, თუმცა სამუშაოები ამ ეტაპისთვის შეჩერებულია.

„მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ ნარიყალას მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოებზე. ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია იქ არსებულმა მდგომარეობამ სოციალურ ქსელებში და, რა თქმა უნდა, ჩვენი, მერიის უკმაყოფილებაც მოჰყვა ამას, იმიტომ რომ ყველანაირი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა იქ სამუშაოები. თითქოს არქეოლოგიური გათხრები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არც ამის ნებართვა არ ჰქონდათ იქ მომუშავე ადამიანებსა და კომპანიას. ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა ეს კონკრეტული კომპანია. თუმცა, მე მგონია, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული", — განაცხადა კალაძემ თავის მიმართვაში, რომელიც Facebook-ის მეშვეობით გავრცელდა.

სამშენებლო სამუშაოები ნარიყალას ძირში - Sputnik საქართველო
არის თუ არა საფრთხეში ნარიყალა ანუ რა ხდება ციხესიმაგრეში

მისი თქმით, ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდებიან შესაბამისი სამსახურები და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

„თუ არის მართლა ამ მიმართულებით დანაშაული, აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი ქალაქისთვის", — აღნიშნა კალაძემ.

2017 წლის დეკემბერში ნარიყალას რესტავრაციის პირველი ეტაპი დასრულდა. სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამისთვის 715 000 ლარი იყო გამოყოფილი.

„თბილისის განვითარების ფონდში“ განმარტეს, რომ რესტავრაციის მეორე ეტაპი ჯერჯერობით არ დაწყებულა.

ნარიყალას ციხე-სიმაგრე თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ჩვენამდე მოღწეული ძირითადი ნაგებობები XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ის მნიშვნელოვნად დააზიანა.

90-იან წლებში ნარიყალას რესტავრაციის მცდელობები იყო, აღორძინდა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე უკვე მე-12 საუკუნეში მდებარეობდა, მაგრამ დღეისათვის ის ავარიულ მდგომარეობაშია.

ყველა ახალი ამბავი
0