თავად პოეტის განმარტებით, „ეს ალბათ იმის გამო ხდება, რომ მთელი წლების განმავლობაში და ახლაც თეატრალურ სამყაროს ვემსახურები და შეიძლება სცენისა და ამ ხელოვნების გავლენაცაა, რომ ლექსი ასეთი თვალსაჩინო ხდება“.
– ბატონო საშა, თუ არ ვცდები, სამი კრებული გაქვთ გამოცემული…
— დიახ, სამი კრებული მაქვს. პირველში ძალიან ძველი ლექსებია შესული, თავქარიანი ახალგაზრდობისდროინდელი. ჩემი ნება რომ იყოს, იმ კრებულს სამყაროდან სიამოვნებით გავაქრობდი.
– რატომ გააქრობდით, ის წლებიც და ისეთი საშა გველესიანიც ხომ იყო ერთ დროს?
— კი, რა თქმა უნდა, ვიყავი, მაგრამ აქ მე ლექსის ხარისხზე მაქვს საუბარი. მეორე კრებული შედარებით მომწონს. მესამე კრებული კი ემიგრანტების წყალობით გამოიცა და ის ყველაზე მეტად მეძვირფასება და მიყვარს. კრებული კონკრეტულად საქართველოს ემიგრანტების ორგანიზაციის ინიციატივით და მათ მიერაა გამოცემული. არის ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი, ქალბატონი ელიზა აბელაშვილი, რომელიც ამ ინიციატივის სათავეში იდგა.
– ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ლექსები სამშობლოდან გადახვეწილ ქართველებსაც შველის…
— ალბათ, და თუ ასეა და ჩემი ლექსები მათთვის რაღაც შვება და საშველია, მაშინ ეს ძალიან კარგია და მახარებს.
მკითხველს გვსურს შევახსენოთ საშა გველესიანის ერთი ძალიან პოპულარული ლექსი, რომელიც ავტორსაც უყვარს, რადგან თვლის, რომ ამ ლექსის ფორმა უჩვეულოა. საუბარია მის ლექსზე „იოლანდა…” ანუ მი… და მო… ამ ლექსის ბოლო სტროფებია:
…მახინჯმა ქალმა შვილს ნაზად შეხედა…
ფრთები აქარბუქდნენ და მიაბიჯებს
ღვთისმშობელივით ლამაზი დედა…
ხელში შემომრჩება სიმახინჯე…
ვთხზავდი რომელსაც…
…
ჯვარი სჭირთ, მეჩეთებს და სინაგოგებს…
ბიჭი, გოგოს, მზერას არ აცილებს,
წითელ ბუშტს, წარწერით, — „ირაბოგემ”
ჩუქნის, როგორც წმინდა სანაწილეს…
სხვა მხრიდან ვდგავარ…
…
თვალით, ყვითელ წარაფებს შევეძოვე…
და „იოლანდაში” რეკენ ბოთლები…
კვერთხით შემოდის მოსე, — მეეზოვე,
ზღვასავით გზას უთმობენ ფოთლები…
…
სიყვითლე…
– საშა გველესიანი — სცენაზე…
— სცენაზე წარმატება მქონია, ასეთი ბევრი როლი იყო. მაგალითად, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრის სცენაზე დაიდგა გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „გრიშა და მთავარის“ მიხედვით სპექტაკლი, რომლის რეჟისორი ნიჭიერი ადამიანი ზაზა წაქაძე იყო. იმ სპექტაკლში გრიშას როლი შევასრულე. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი სცენური წარმატება. თორემ მანამდე სხვა კარგი როლებიც იყო. ერთი პერიოდი ზესტაფონის თეატრშიც ვიყავი. საერთოდ, ყველაზე დიდ წარმატებად ამ ქვეყანაზე ჩემი შვილები მიმაჩნია. მარტო წარმატება კი არა, ეს ჩემი ყველაზე დიდი სიხარულია. ერთხელ ჩემი მარიამის და თემოს ფოტოები დავდე და, მახსოვს, მერე ვხუმრობდი: ამდენი კომენტარი და მოწონება არც ერთ ჩემ ლექსს არ ჰქონია–მეთქი.
– თქვენ შემთხვევაში აშკარაა, რომ იუმორი ინტელექტის შედეგია, რასაც არც ისე ხშირად ვაწყდებით…
— მე, მაგალითად, მგონია, რომ ყველაზე ნაღვლიანი ადამიანები ქვეყანაზე ჯამბაზები არიან. ნებისმიერი იუმორის საფუძველი უზარმაზარი ტკივილია. ყველა ცნობილ კომიკოსს, ვინც კი სცენაზე დგას, ტკივილის განცდა ჰქონდა. ცნობილია პატარა ისტორია იმაზე, თუ როგორ მოითხოვა ერთმა კომიკოსმა შექსპირის ერთ-ერთი გმირის თამაში სცენაზე და ის მაყურებელმა სერიოზულად არ მიიღო. მე ჩემ პირად ტკივილზე არასდროს მიყვარს ყურადღების გამახვილება, ყველაფერს ვმალავ ხოლმე. დიდი ოქრო და ბაჯაღლო ხასიათი არ მაქვს, ცოტა ჯაჯღანა კაცი ვარ. საერთო ჯამში, მეგობრებთან ყოფნა მიყვარს. მეუბნებიან, რომ მხიარული ვარ და იუმორის გრძნობა მაქვს, ისე ჩუმი და სევდიანი ვარ…
მკითხველს შევახსენებ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთი იუმორისტული ვიდეო, სადაც საშა გველესიანი მისთვის ჩვეული იუმორით ჰყვება ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ დაიდგა ქუთაისის სცენაზე შექსპირის „ოტელო“. ჩვენ დავინტერესდით, მის მონათხრობში რამდენია სიმართლე და რა დოზითაა მისეული იმპროვიზაცია. პასუხმა ძალიან გაგვაკვირვა და გვახალისა, რაც მთავარია, ბატონ საშას ნიჭიერებაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.
როგორ დაიდგა „ოტელო“ ქუთაისის თეატრში:
საშა გველესიანი: სიმართლე გითხრათ, ეს აბსოლუტურად შეთხზული ისტორიაა, ჩემ მიერ მოგონილი. ქუთაისში მეგობრები მყავს, ერთხელ პოეტების სუფრაზე მოვხვდი და ასეთ თემაზე ჩამოვარდა საუბარი, ოღონდ სულ სხვა ჭრილში. თორემ, როგორც ასეთი, ქუთაისის თეატრში „ოტელო“ არასოდეს დადგმულა…
– ბატონო საშა, ანუ გამოდის, რომ ამდენი ხალხი თქვენ მიერ გამოგონილ ამბავზე ახარხარეთ?
— რა ვიცი, რა გითხრათ?.. ქუთაისელებს, ხომ იცით, ცოტა „უკუღმართი“ ენა აქვთ, ამას მიეწყო და მიეწყო რაღაცეები და მერე ხშირად მთხოვდნენ ხოლმე, მოგვიყევი ის ამბავიო. მოყოლის დროს თავისთავად რაღაც დეტალებს ვამატებდი. თქვენ წარმოიდგინეთ, როცა ეს ვიდეო გავრცელდა, ბევრმა ქუთაისელმა ვერ მიიღო, ზოგმა ცხრაჯერ „ჩამმარხა“ – რატომ იტყუებით, ეს სპექტაკლი ჩვენთან არც დადგმულაო. მეც ვიცი, რომ არ დადგმულა. ცხონებული ვაჟა კუბლაშვილი, რომელსაც კარგად ვიცნობდი, ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო, დიდებული პიროვნება გახლდათ და როცა ეს ამბავი მოისმინა, მახსოვს, ბევრი იცინა. მიხარია, როცა ადამიანს იუმორის გრძნობა აქვს, ყველაფერზე სწორად რეაგირებს და იუმორისტული ამბები ახალისებს და ახარებს.
– თავად რა გაგიხარდათ ბოლოს?
— რა გითხრათ? აი, მაგალითად, ის, რომ ერთმა პიროვნებამ შემომთავაზა, წიგნის დაბეჭდვაში დაგეხმარებიო, ამაზე დიდი სიხარული არ ვიცი. ახლაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ლექსები პოეზიის ანთოლოგიაში უნდა შევიდეს. ჩემთვის ცხოვრებაში რაც ჩემ გარშემო ხდება, ყველა კარგი ამბავი თავისთავად მოვლენაა. ჩემი აზრით, ცხოვრება არის ის, რაც შენშია და რასაც თავიდან ბოლომდე გრძნობ…