თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. აზიური ფაროსანა — ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნისთვის, განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2017 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
დავითაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გასულ წელს აზიური ფაროსანანს წინააღმდეგ გატარდა, ასევე სახელმწიფოს სამომავლო გეგმებზე. გასულ ზაფხულს აზიურმა ფაროსანამ დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. მოსავლის განადგურების გარდა, ფაროსანამ საცხოვრებელი სახლებიც გაავსო. ოქტომბერში ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა.
მინისტრის თქმით, გასულ წელს მავნებელთან ბრძოლისას მიღებული გამოცდილების საფუძველზე, შემუშავდა და დამტკიცდა „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამის მიზანია მავნებლის პოპულაციის მაქსიმალური შემცირება და კონტროლი, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ზარალი, რომელიც სოფლის მეურნეობას, ტყის კულტურებს და ქვეყნის ეკონომიკას ემუქრება. სახელმწიფო პროგრამის ძირითად და საკვანძო პრინციპს სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი ჩართვა წარმოადგენს.
„აბსოლიტური პასუხისმგებლობით ვაფიქსირებთ, რომ აზიური ფაროსანა არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ყველა იმ ქვეყანაში, რომელ ქვეყანაშიც ეს მავნებელი არსებობს“, — ხაზგასმით აღნიშნა დავითაშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით ხშირად კეთდება უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიებების ჩატარებას ეხება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს დაფინანსება იმისთვის გაიზარდა, რათა ფიტოსამსახურის შესაძლებლობები გაზრდილიყო, უკეთესი კომუნიკაცია მოხდეს მოსახლეობასთან. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სამთავრობო კომისიაც.
დავითაშვილმა დააანონსა საქართველოში 8-9 მარტს საერთაშორისო კონფერენციის გამართვა, რომელში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის წამყვანი სპეციალისტები და მეზობელი ქვეყნების ფიტოსანიტარული სამსახურების წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანია მავნებელთან ეფექტური ბრძოლის მიზნით რეგიონში ძალების გაერთიანება. მინისტრის თქმით, რეგიონში საქართველოს ამ კუთხით მეტი გამოცდილება გააჩნია, ეს გამოცდილება უნიკალურია და შესაბამისად, ის უნდა იყოს გაზიარებული.
„ეს არის მსოფლიო პრაქტიკა. კონკრეტულ გეოგრაფიაში, კონკრეტულ არეში ჩვენ უნდა დაგვიგროვდეს ჩვენი გამოცდილება და ეს უნდა იყოს მუდმივად გამოხატული ჩვენს ღონისძიებებში, რომელიც უნდა უმჯობესდებოდეს“, — აღნიშნა დავითაშვილმა.
გასულ წელს სამინისტრო უწყვეტად იძენდა სამუშაო ტექნიკას და მავნებელთან ბრძოლის პრეპარატებს, მზადდებოდა საინფორმაციო ბუკლეტები. საქართველოს სოფლებში ოთხი ათასი შეხვედრა შედგა, რამაც, დავითაშვილის თქმით, მოსახლეობა უფრო მომზადებული და ინფორმირებული გახადა.
„ერთობლივი ძალებით უფრო ეფექტურები ვიქნებით. მთავარია, მოსახლეობას ჰქონდეს რწმენა, რომ სწორად ჩატარებული ღონისძიებები შედეგს მოიტანს“, — ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
მავნებლის გავრცელების გარდა, მინისტრი ასევე აგრობიზნესის სექტორში პროდუქციის გამოშვების მზარდ ტენდენციას შეეხო. მისი თქმით, 2012 წელთან შედარებით, გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 32%-ით გაიზარდა.
2017 წლის ცხრა თვის განმავლობაში აგრობიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქციის საერთო ღირებულებამ 6,7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია.
2017 წლის ცხრა თვის განმავლობაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 9,2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდს 15%-ით აღემატება. 2018 წლის 1 თებერვლის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა 166 ახალი საწარმო, ხოლო 845 — გაფართოვდა.
დავითაშვილის თქმით, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 777 მილიონი დოლარის ღირებულების აგროსამრეწველო პროდუქცია, რაც 2016 წლის მონაცემებს 12%-ით, ხოლო 2012 წლის მონაცემებს — 52,2%-ით აღემატება.