1991 წელს ისტორიკოსი და მთარგმენლი გია ჯოხაძე პირველად იოსიფ ბროდსკით დაინტერესდა. ბროდსკის „მშვენიერი ეპოქის დასასრულის” თარგმანი გია ჯოხაძემ 2008 წელს გამოუშვა, მისი ეპოქა ამ წიგნში სრულადაა მოქცეული. მთარგმნელის გადაწყვეტილებით მისი წიგნი „მშვენიერი ეპოქის დასასრული” მაღაზიებში არ გაიყიდა და მხოლოდ საჩუქრად დარიგდა.
„ახლა იმ ასაკში ვარ, როცა ადამიანი გრძნობს, რომ ვერც ყველასთვის თავის გაცნობას მოახერხებს და ვერც — თავის შეყვარებას და დამახსოვრებას. სიყმაწვილეში ეს ვნება უფრო გაწვალებს. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ბევრი მოვასწრო — სიცოცხლე მოსწრებაა!“ – ამბობს გია ჯოხაძე.
– ბატონო გია, თქვენ ხართ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მთარგმნელი, პოეტი… ნიჭიერი ადამიანი ხართ და ამ ჩამონათვალის გაგრძელება ხომ არ არის პერსპექტივაში?
— ბუნებით მაქსიმალისტი არ გახლავართ და ის, რაც აქ ჩამოთვალეთ, უბრალოდ ჩემი ცხოვრების კონდენსირებული აღწერაა, სხვა არაფერი. იმის თქმას ვცდილობ, რომ არაფრისთვის „მიმიღწევია“ რაღაცის ფასად, არაფერი დამისახავს მიზნად, არასოდეს მიფიქრია, ვინმეს გავუსწრო, რომელიმე მოვლენის ზეგავლენითა თუ საპასუხოდ შევიცვალო ცხოვრების სტილი-მეთქი და ა.შ. ის, რაც მოხდა, მოხდა; და სწორედ ასე მოხდა და არა სხვაგვარად. ეგ კია, თუ რამ ნიჭიერება მოუმადლებია შემოქმედს, არც ერთი მათგანი არ დამიტოვებია რეალიზების გარეშე. საერთოდაც, ნიჭიერები ზარმაცები არიანო, რომ ამბობენ, მტკნარი სიცრუეა, მითი, რომელსაც ზარმაცები ავრცელებენ. რადგან ადამიანთა უმრავლესობა ზარმაცია, ამ მითს კარგი გასავალი აქვს. ნიჭიერება არ მოგასვენებს, უმაქნისობის ნებას არ მოგცემს… მოკლედ, შენ კი არ განაგებ შენს ტალანტს, არამედ თვითონ გიყენებს ინსტრუმენტად. მთავარი ყოველთვის შედეგია, რომელსაც ხან აღწევ, ხან — ვერა. იმაზე სევდიანი არაფერია, როცა შედეგი უღიმღამოა — შენ ხომ ასე ძლიერ ეცადე… უბრალოდ, მგონია, რასაც აკეთებ, იმის სპეციალისტი უნდა იყო. ეს ერთგვარ შეუვალ მაქსიმად მიმაჩნია. ისტორიკოსობა უცებ გადავწყვიტე, ასეთივე წარმატებით შემეძლო ფილოლოგობა, ფილოსოფოსობა, ფსიქოლოგობა, მუსიკოსობა, რეჟისორობა და სხვ. მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ეს ბედისწერის სიურპრიზი იყო; მოვინდომე, ბევრი რამ მცოდნოდა ამ პროფესიაზე და ამ პროფესიაში.
– კარგ ლექსებს წერთ და საბოლოოდ პოეტობას მთარგმნელობა რატომ არჩიეთ?
— პოეტი ხართო, მითხარით… გმადლობთ რევერანსისთვის. საკუთარი ლექსების გამოქვეყნებას (წერას ჩემ პრეროგატივად მივიჩნევ და ვერავის დავეკითხები, ვწერო თუ არა!) სხვა დიდ პოეტთა თარგმნა ვარჩიე. ერთი მხრივ, ეს ხანდახან ხელოსანს ხელოვანად აქცევს და, მეორეც: ეს უფრო სასარგებლო მგონია, უწინარესად, საკუთარი თავისთვის — რისი გაგებაც კარგად გინდა, უნდა თარგმნო. საერთოდ, თარგმანია ყველა გამოთქმული აზრი, რადგან მხოლოდ მიახლოებით ვახერხებთ იმის გამოთქმას, რაც ჯერ კიდევ უხორცო, ჩამოუყალიბებელი და ამორფულია და ჩვენში ფუთფუთებს. თანაც თარგმნა ყოველთვის ახლის შექმნაა და არა შექმნილის გადმოტანა. ეს უკანასკნელი აქტი საერთოდ შეუძლებელია. მთარგმნელი ყოველთვის „თავიდან“ წერს იმას, რაც უკვე დაწერილია.
– სამი სიტყვა, რომელიც განსაზღვრავს თქვენ ცხოვრებას…
— მეძნელება ასე ტრიადებად კლასიფიცირება — ამაზე არ მიფიქრია… მახსენდება ამერიკელი პოეტის კარლ სენდბერგის ლექსი „სამება“ და სრულიად ვეთანხმები მის პათოსს: ჯერ „ძმობა, ერთობა, თავისუფლება“ გვმსჭვალავს, შემდეგ — „დედა, სამშობლო და ზეცა“, რომლის ვარიაციაცაა „ღმერთი, მოვალეობა და უკვდავება“. ამ „სამებითაც“ ხომ აბითურებდნენ ადამიანებს: „პური, ზავი, მიწა“?!
სამიანი მართლაც უპირველესი სრული რიცხვია. რაც უნდა უქნა, როგორც უნდა დაშალო, წონასწორობის ცენტრალური წერტილი მაინც რჩება. მე კი უბრალოდ ვცხოვრობ და ვცდილობ, ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა — ამისთვის მადლობელი ვარ სამების!
– რომელია რჩევა, რასაც ხშირად აძლევთ საკუთარ სტუდენტებს და პროფესორი გია ჯოხაძე სამომავლოდ რა გზავნილს გაუშვებდა მომავალი თაობებისთვის?
— ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. რაც უნდა დაღლილი ან აპათიური ვიყო, ლექციაზე ამას ვერავინ შეამჩნევს. ლექცია ყველაზე კარგი ქრონოტოპია, ანუ საუკეთესო დრო და ადგილია საკუთარი აზრების დასაჭაშნიკებლად: სტუდენტის რეაქცია გახვედრებს, სწორ გზაზე დგახარ თუ არა. ისე გამოდის, რომ, პირიქით, სტუდენტები მირჩევენ, რა კალაპოტი შევურჩიო ჩემს ფიქრს, ამა თუ იმ პრობლემას რომ უტრიალებს. ესეც კარგია. ზოგადად, „ყველა შეგონებაზე ხელი აღებული მაქვს“, პოეტის თქმისა არ იყოს, მაგრამ რასაც გამუდმებით ვიმეორებ ხოლმე, მგონი, ესაა: ნუ მიიღებთ ნურაფერს უმსჯელოდ, გაუაზრებლად, სხვის ხარჯზე, გემოს ჩაუტანებლად… რაც ამ საზოგადოებას ღუპავს, აზროვნების უნდომლობაა. ეს ცხოვრება ისეთი მცირეა, რომ არ ღირს დარჩენა სხვისი გამოცდილების ათვისების ამარა, არ ღირს ფიქრი სხვის მსგავსად, არ ღირს შეფასება სხვისი ღირებულებების სკალით…
– ბატონო გია, თქვენ დაინტერსებული ხართ სემიოტიკის საკითხებით, თავად როგორ განმარტავთ ნიშანთა ახსნის ხელოვნებას?
— ძველბერძნული „სემა“ ნიშანია და სემიოტიკაც, როგორც ნიშანთა ახსნის ხელოვნება, უსაინტერესოესია იმ თვალსაზრისით, რომ ერთ რამეში გარწმუნებს: სამყარო არასოდეს „გეხსნება“ ერთხელ და სამუდამოდ; ის ენიგმატურია, იდუმალი, ფარული, არაპირდაპირი, მფეთქავი, დინამიკური და მეტამორფოზებისკენ მიდრეკილი, სულ რაღაცას განიშნებს, და უბრალოდ უინტერესოდ ჩაათავებ შენ ცხოვრებას, თუ ამ ნიშანთა ამოცნობას არ შეეცდები. სამყაროა იმის ნიშანი, რომ ის რაღაც ნიშნად გვევლინება; ყველა წიგნი გვგზავნის სხვა წიგნებისკენ. ასეა ნიშანიც — ისიც სხვა ნიშანთან გვგზავნის; დრო, ცნობისმოყვარეობა და სიყვარული არ უნდა გამოგელიოს, რომ ამ გზას ბოლომდე მიჰყვე. ოდისევსის მოგზაურობაც კი ბალღის ტიტინია ამ მოგზაურობასთან შედარებით! ყველაზე საინტერესო კი ის ზემოქმედებაა, რომელსაც „თავს გვატეხს“ ესა თუ ის ნიშანი. მაგალითად, ყველა შეყვარებული თვითონაც სემიოლოგია. ფრანგი ისტორიკოსი ფილიპ როჟე იმდენად გააკვირვა ამ „მიგნებამ“, რომ აღმოხდა: „განა უცნაური არსება არ არის ეს „შეყვარებული სემიოლოგი?!“ „სულაც არა!“ – უპასუხია როლან ბარტს, – „შეყვარებული – ეს არის სტიქიური სემიოლოგი! ის მუდამ ნიშნებს კითხულობს. მხოლოდ ამითაა დაკავებული: ხან ბედნიერების ნიშნებს აწყდება, ხან უბედობისას…“ მთელი ჩვენი ცხოვრება ამ ნიშნების გაშიფვრას ხმარდება. ეტყობა, ამიტომაც ვხმარობთ ხოლმე ამ შესიტყვებას — „სიყვარულის ახსნა“ — ყველა სხვადასხვაგვარად ხსნის სიყვარულს, რადგან ისიც იმის ნიშანია, რაც ჯერ არ ამოთქმულა, ჯერ არ წარმოჩენილა, ჯერ არ შობილა…
– სამეცნიერო საქმიანობის გარდა მთარგმნელობითი საქმითაც ხართ დაკავებული. ბოლო დროს რა თარგმნეთ და ახლო მომავალში ვის თარგმნას აპირებთ?
— ახლა ვასრულებ უზარმაზარ პროექტზე მუშაობას, რომელიც ზოგადად პოეტისა და სახელმწიფო ძალაუფლების ურთიერთობას მიეძღვნა, კონკრეტულად კი — ოსიპ მანდელშტამისა და მისი ქვრივის ცხოვრებას. შესაბამისად, ვთარგმნე მანდელშტამის ბევრი პოეტური თუ ესეისტური ტექსტი. ჭაშნიკად ერთ მათგანს შემოგთავაზებთ:
ბოთლიდან თაფლი იღვრებოდა ოქროსფერ ჭავლად,
თან ისე ზლაზვნით, დაიღვარა სიტყვებად ქალი:
შევრჩით ამ მხარეს, თუმც ტავრიდის გვინდოდა ჩავლა,
სულაც არ ვიწყენთ, — დედაკაცმა მოგვაპყრო თვალი.
ისღა გშთენია, ყოველ დილით ბახუსს შეება —
ყველგან — დარაჯი, ყველგან — ძაღლი, ბინდი მფარავი…
მძიმე კასრები მიგორავენ გულმშვიდ დღეებად.
ფარდულში ბჭობენ — მაგრამ პასუხს გაძლევს არავინ“.
– სტროფი საკუთრი ლექსიდან, რაც ყველაზე კარგად გამოხატავს თქვენ პიროვნებას…
— კარგა ხანია არაფერი დამიწერია… დროდადრო ვაცნობიერებ ხოლმე, რომ არც ჩემი ცხოვრებაა მხოლოდ ჩემი და ვერც ჩემ სიკვდილს მივისაკუთრებ. ადამიანი ამ რაღაც მისტიკურ მემკვიდრეობას ატარებს ტვირთად. ერთხელ, როცა ეს ფიქრი ამეკვიატა, ამოვთქვი:
„ჩემი შვილების ყველა ჭრილობას
რად ასდის ჩემი სიკვდილის სუნი?!“
– იოსიფ ბროდსკი თარგმნეთ და პირადად თქვენ როგორ ახსნით, რით იყო ის ეპოქა მშვენიერი?
— „მშვენიერი ეპოქის დასასრული“ ბროდსკის ერთ-ერთი ლექსის სათაურია. თუმცა „მშვენიერი ეპოქა“ მითოლოგემაა — ე.წ. Belle Époque, რომელიც, ერთი მხრივ, მატერიალურ-ტექნიკური აყვავების ხანა იყო, მეორე მხრივ კი — ადამიანის გაავებისა და გასასტიკებისა. ისე ჩანს, ამჟამინდელ ვითარებასაც დაამძიმებს ეს განაჩენი: პროგრესის რელიგია მაცდური აღმოჩნდა. ტექნოლოგიურ წინსვლას არ მოჰყვა ადამიანის გაუკეთესება. ამიტომ და ასე სრულდებოდა ჩემთვისაც „მშვენიერი ეპოქა“, ანუ ის დრო, როცა ბროდსკიზე წიგნს ვწერდი. ახლა სხვა და სხვაგვარი დროა, მაგრამ იქნება კი ის წინანდელზე უკეთესი? წინასწარ ვერავინ იტყვის. ხშირად ვახსენებ ჩემ თავს, რომ ადამიანში ადამიანი იქ იწყება, სადაც ცხოველი მთავრდება, მაგრამ, ბუნებრივია, მაქსიმებით ცხოვრება არ გამოდის: ხან ახერხებ საკუთარ თავში ცხოველის მოშთობას, ხან — ვერა. მეტიც: ხანდახან არც გინდა, რომ მოაშთო. სიცხოველესაც აქვს თავისი სრულიად არამოკრძალებული ხიბლი! ბოლოს და ბოლოს, ძველ ქართულში „ცხოველი“ ხომ სიცოცხლეს უკავშირდებოდა?!.