თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ცხინვალის საავადმყოფოში პარასკევს გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის თაობაზე ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს „ცხელი ხაზის“ მეშვეობით აწარმოებს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ მანამდე განაცხადა, რომ დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. ტატუნაშვილი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.
რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს — ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, ისინი გაათავისუფლეს. ორივე ახალგორშია, მაგრამ მათ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უშვებენ.
სუს-ში განაცხადეს, რომ სამივე პირი უკანონოდ იყო დაკავებული და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდეს, რომ ქუტაშვილსა და პავლიაშვილს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პროცესში არ შეუქმნას რაიმე ტიპის ხელოვნური ბარიერი.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ „თავისუფლების უკანონო აღკვეთისა“ და „განზრახ მკვლელობის“ მუხლებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდა.
ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხი 2018 წლის 1 მარტს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში დადგება.
ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, საპასუხოდ კი თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.