ბავშვებში სიმსივნემ და ფილტვების დაავადებებმა იმატა - საპროტესტო აქცია ზესტაფონში

გამოწერა
ადგილობრივების განცახდებით, ზესტაფონში საგანგაშო სიტუაციაა და მოსახლეობაში სხვადასხვა მძიმე დაავადებებმა მკვეთრად იმატა.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ზესტაფონის მოსახლეობამ „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, რადგან ქარხნის გამონაბოლქვი ჰაერს აბინძურებს, რაც უამრავ დაავადებას იწვევს.

„არის უმძიმესი ეკოლოგიური ვითარება. დაავადებულები არიან, როგორც ბავშვები, ასევე შუა ხნის მოსახლეობა. გვაქვს სხვადასხვა უმწვავესი პრობლემები“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კონსტანტინე ქათამაძემ.

აქციის მონაწილეები სპეციალური ფილტრების ჩართვას და 24-საათიანი მონიტორინგის დაწესებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ზესტაფონში საგანგაშო სიტუაციაა და მოსახლეობაში სხვადასხვა მძიმე დაავადებებმა მკვეთრად იმატა.

სვეტლანა არისტარხოვა - Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანა გახდება

„ჩვენს პირუტყვსაც კი რძეში ამოუვიდა, რომ იყო ტყვიის შემცველობა. ბავშვებშია სიმსივნე მოდებული, არის ფილტვების დაავადებები, ბრონხების, ძვლების და ჩიყვის პრობლემებია“, — განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.  

როგორც  შპს „ჯორჯიან მანგანეზის“  გარემოს დაცვის დირექტორი, ირაკლი ნოზაძე აცხადებს, ფილტრები გამართულად მუშაობს, მუდმივად მიმდინარეობს ჰაერის დაბინძურების დონის მონიტორინგი და ამ კუთხით პრობლემა აღარ არსებობს.

„მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია უკვე დიდი ხანია, იმიტომ რომ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. კარგი იქნებოდა, ჯერ საერთოდ პრობლემის არსი გამოეკვლიათ და შემდეგ გაეპროტესტებინათ“, — ამბობს ირაკლი ნოზაძე.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ადგილობრივები აქციების გაგრძელებას გეგმავენ.


ყველა ახალი ამბავი
0