საქართველომ ის თავისი ბუნებით, ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვნებით, ქართული სტუმართმოყვარეობითა და დიდსულოვნებით დააინტერესა. აქ სვეტლანამ ზაფხული გაატარა და Sputnik-ის პროექტის „უცხოელის თვალით დანახული საქართველო" ფარგლებში თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
გრძელი ისტორია
მოგზაურობით გატაცება პატარაობიდან დაიწყო. შესაძლებლობის ფარგლებში შვებულებას ვიღებდი და ჩვენი თვალუწვდენელი დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სახეტიალოდ მივდიოდი — გვატემალა, ინდოეთი, ტაილანდი, მანილი, თბილი ქვეყნები.
ყოველთვის მაღელვებდა და ახლაც მაღელვებს ბუნებაზე ზრუნვა. დღეს ეკოლოგია სიცოცხლისთვის ბევრს ნიშნავს. ბუნებასთან ერთად ჰარმონიაში რომ მეცხოვრა, მთელი სხეულითა და სულით, იოგას მივყავი ხელი და ფსიქოლოგიით დავინტერესდი, ასევე ვეგეტარიანელობით და დავიწყე ზრუნვა იმაზე, რომ ჩემ გარშემო ეკოლოგიურად სუფთა ნივთები ყოფილიყო. თუმცა ეს ცოტაა.
სამუშაო გრაფიკი, ავრალები, დედლაინები — სტრესი სამსახურში სულ თან მდევდა. ნაცრისფერი ცა, სიცივე, ყინვა — მოსკოვური ამინდი წლის უმეტეს პერიოდში არ მახარებდა. მინდოდა მზე, გემრიელი ხილი, ბოსტნეული, სიმწვანე ირგვლივ.
და რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ ცხოვრება უნდა შევიცვალო. მომიწია მუდმივი სამსახურის დატოვება. ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, თუმცა მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში ცხოვრება აღარ მინდოდა. მეუღლემ მხარი დამიჭირა. მისმა სამუშაომ ოცნების ასრულების ნება მოგვცა — გადავწყვიტეთ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. ეს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო. დაიწყო თავგადასავლები!
ზაფხულში — საქართველოში!
ვსხედვართ მე ჩემი ქმარი კაფეს ვერანდაზე კუნძულ ბალიზე. ინდონეზია პირველი ქვეყანაა, სადაც ზამთრის გატარება გადავწყვიტეთ. „მალე შინ უნდა დავბრუნდეთ, მოსკოვში. სად წავიდეთ შემდეგ ჯერზე, სად გავატაროთ ზაფხული?" — მკითხა მეუღლემ. დიდხანს არ მიფიქრია და ვუპასუხე: "საქართველოში! იქ არ ყოფილხარ, საქართველოში თბილ პერიოდში ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეულია, ადამიანები — მეგობრული და გულისხმიერი, და ბუნებაც ძალიან ლამაზია".
ამ საუბრიდან რამდენიმე თვეში საქართველოში, თბილისში აღმოვჩნდით. ყოველ უქმეებზე გავდიოდით ქალაქიდან, ვათვალიერებდით ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს — კახეთს, იმერეთს, სამეგრელოს… მაღალი მთები, კლდოვანი ხეობები, მდინარეები და ტბები — საკმარისია, თბილისიდან ორიოდე ათეული კილომეტრით გახვიდე და ბუნების წიაღში ხარ, თითქოს ცივილიზაციიდან შორს იმყოფები.
ერთ ეპიზოდს მოგიყვებით. პრომეთეს მღვიმეში მივდივართ. ნავიგატორმა მოგვატყუა და რომელიღაც სოფელში ამოვყავით თავი. ხედავთ, რა უსიამოვნება შეგვემთხვა? მაგრამ არა საქართველოში. ხილის ბაღში აღმოვჩნდით. ჩვენ გარშემო ხეებს ება ატმები, ვაშლები, ლეღვი. ცდუნებას ვერ გავუძელით, იქვე ვწყვეტდით ლეღვს და ვჭამდით. უგემრიელესია! სიმართლე რომ ვთქვა, მოსკოვში ლეღვი ცალობით იყიდება და რამდენიმე ევრო ღირს. განსხვავებას მაშინვე გრძნობ.
ადამიანები ძალზე კეთილმოსურნე და სტუმართმოყვარე არიან. ხშირად, როცა ბაზარში მიდიხარ საყიდლებზე, გამყიდველი გჩუქნის ცოტა ხილს ან კაკალს. ჩემი ჰობია ფლორისტიკა. და როცა ბუკეტისთვის ყვავილებს ვყიდულობ, ხშირად მჩუქნიან რომელიმე ყვავილს. თითქოს წვრილმანია, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა!
ქართული სამზარეულოს გაკვეთილები
ერთხელ მე და ჩემი დიასახლისი, რომელთანაც ბინა ვიქირავეთ თბილისში, პატარა, მაგრამ მყუდრო სამზარეულოში ვიდექით. ვამზადებდით ნამდვილ ქართულ ისპანახის მხალს. ის ამბობს: „ცოტა უცხო სუნელი, ცოტაოდენი ხმელი სუნელი და სულ ცოტა ყვითელი ყვავილი უნდა დავამატოთ მხალს". მე ზუსტად ვასრულებ მის მითითებებს, ვურევ და გემოს ვუსინჯავ… უგემრიელესია!
დედაქალაქში უამრავი კარგი და მყუდრო პატარა რესტორანია, სადაც სასიამოვნოა სადილობა ან ვახშმობა. საღამოობით ხშირად გავდიოდით ქალაქში, რათა დავმტკბარიყავით მოფუსფუსე თბილისითა და მისი ვიწრო ქუჩებით. ამ გასეირნების ერთ-ერთი მიზანი იყო საინტერესო ადგილის პოვნა, სადაც გემრიელი ქართული საკვების დაგემოვნება იქნებოდა შესაძლებელი.
ქართული სამზარეულო საკმაოდ მრავალფეროვანია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხორცეულია, ის ვეგანებისთვისაც კარგია, რომლებიც ცხოველურ პროდუქტებს არ იღებენ. მხალი, სალათები, აჯაფსანდალი — ეს ყველაფერი ძალზე გემრიელია, და ქვეყნის კოლორიტსა და მრავალფეროვნებას გადმოსცემს.
რესაიკლინგი თბილისში
შედიხართ მაღაზიაში, ყიდულობთ — ბევრ ბოსტნეულს, ხილს, სხვადასხვა კონსერვს თუნუქის ქილებში, ბურღულეულს მუყაოს ყუთებში — დაახლოებით ასე გამოიყურება კალათა სალაროს წინ სუპერმარკეტში. ყიდვის შემდეგ ყველა ეს პროდუქტი თავსდება უსასრულო პოლიეთილენის პაკეტებში. მაგრამ სად წავიღოთ ეს ყველაფერი გამოყენების შემდეგ?
თუ ვაშლს გადააგდებთ, ის რამდენიმე თვეში დალპება, ხოლო ცელოფანის პაკეტი — რამდენიმე ასეული წლის შემდეგ და თან გარშემო ყველაფერს დააბინძურებს და მოწამლავს. და დღეს ისე, როგორც არასდროს, უნდა გვესმოდეს, მთელი ნაგავი ჩვენს პლანეტაზე რჩება. სწორედ ამიტომ ნაგვის ურნა ეკოლოგების საგულდაგულო ყურადღების ობიექტი ხდება.
დღეს ნაგვის გადამუშავება უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიაა, რომელიც ჩვენი, მთელი პლანეტის ცხოვრების ჯანსაღ წესს უზრუნველყოფს მომავალში. რესაიკლინგი (ინგლ. ნაგვის გადამუშავება) რთული არ არის. მხოლოდ უნდა დაიყოს ბიონარჩენები და პლასტიკისა და ქაღალდისგან. ასევე, დანარჩენი ნაგვისგან უნდა გამოიყოს ბატარეები და აკუმულატორები, რადგან ისინი ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფენ.
თბილისში ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე ადგილი ვნახე, სადაც ნაგვის სწორად გადაყრა იყო შესაძლებელი — ანუ, ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც. ასევე, მაღაზიის თაროებზე შეიძლება ისეთი პროდუქტების პოვნა, რომელთა დამზადებისას გადამუშავებული პლასტიკი გამოიყენეს.
რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებ, შეიძინონ ეკოლოგიურად სუფთა ნივთები და პროდუქტები. ეს ბევრად სასარგებლოა ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა ყოველთვის არ არის.
ჟანგბადის უკმარისობა
წარმოიდგინეთ, რომ საღამოს თბილისში სეირნობთ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე რა შეგხვდებათ? რა თქმა უნდა, ავტომობილი — უამრავი! არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ მოძრაობის წესებს აქ საკმაოდ უცნაურად იცავენ… თვითონ ფაქტი, რომ ქალაქში უამრავი ავტომობილი მოძრაობს და უამრავი საცობი იქმნება, უკვე მეტყველებს, რომ რაღაც არის შესაცვლელი.
დღეს თბილისი იხრჩობა გამონაბოლქვითა და ბეტონით. მწვანე საფარი ქრება, ძალიან ცოტაა პარკები და სკვერები. მოსკოვს თუ შევადარებთ, იქაც დიდი და დამღლელი საცობებია, თუმცა ქალაქში მრავალი პარკი და დასვენების ადგილია.
ძველი თბილისელები ხშირად ამბობენ, რომ ადრე ქალაქი უფრო გამწვანებული იყო. ეს ჩანს კიდეც, თუ ძველ ფოტოებს დაათვალიერებს. ქალაქის მშენებლობებთან დაკავშირებით ცოტა რამეს თუ გავაკეთებთ, თუმცა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, კვირაში თუნდაც ორი დღე უარი თქვას ავტომობილზე. ეს შეამცირებს გზების გადატვირთვას და ქალაქს უფრო მეტ სუფთა ჰაერს მისცემს. თბილისი ეკოლოგიურად უფრო სუფთა ქალაქი გახდება.
საქართველო დროთა განმავლობაში გააცნობიერებს რესაიკლინგის მნიშვნელობას, გადახედავს შეხედულებებს პლასტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანა გახდება. ამისთვის მხოლოდ ცოტა მცდელობაა საჭირო.