მოგზაურობა იტალიაში, რომელმაც ნინა მიქელაძის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა

გამოწერა
უამრავი მოგზაურის თავგადასავალმა, აღტაცებამ, ფოტოზე გაჩერებულმა კადრმა გაიარა ჩემ თვალწინ, თუმცა ჩემი დღევანდელი რესპონდენტი ნინა მიქელაძე ყველასგან გამორჩეულია. თუ რატომ, ამას თავად მოგიყვებათ.

მოგზაურობაზე ფიქრი ყოველთვის მიყვარდა. ჩემ წარმოსახვაში ვხატავდი უცხო ქალაქების ულამაზეს არქიტექტურას, ზღაპრულ, კლდოვან სანაპიროებს, მსოფლიო მოდის ქალაქებს, უძველეს პროვინციებს, ეგზოტიკურ ბუნებას, ან, უბრალოდ, ლამაზ ხედებს სასტუმროს აივნიდან. ჯერ მხოლოდ სამ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ყოველი გაფრენის წინ წარმოუდგენელი ემოციები მიპყრობდა. როცა ამ თემაზე წერა დავიწყე, ხომ საერთოდ „აშლილობა“ დამემართა. მეც ისევე ემოციურად და მძაფრად შევიგრძნობდი იმ შთაბეჭდილებებს, რასაც ჩემი რესპონდენტები მოგზაურობის დროს განიცდიდნენ და შემდეგ მიზიარებდნენ. მაშ ასე — ნინა მიქელაძე:

© Photo: Courtesy of Nina Mikeladzeნინა მიქელაძე
ნინა მიქელაძე - Sputnik საქართველო
ნინა მიქელაძე

ბავშვობის ოცნება, რომელიც ყველაზე მძაფრად აღიქმება.

— იტალია ბავშობიდან მიზიდავდა თავისი ლამაზი ბუნებით, რომლის სურათებიც ძირითადად ინტერნეტში მქონდა ნანახი. შემდეგ არქიტექტურა… ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე და, აი, მაშინ უკვე განსაკუთრებით შემიყვარდა ეს ქვეყანა თავისი არქიტექტურით, მხატვრობით, ქანდაკებით, ხელოვნებით, მთელი ისტორიით.

ბავშვობის ოცნება სამი წლის წინ ავიხდინე. ცხრა დღით შევძელი აქ ჩამოსვლა. მოვინახულე რომი, ნეაპოლი, ფლორენცია, ვენეცია, ვერონა და მილანი. თავი სიზმარში მეგონა. ულამაზესი არქიტექტურის ის სურათები, მთელი ის ხელოვნება, რაც ფოტოებზე მქონდა ნანახი, ჩემ თვალწინ გადაიშალა. ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი. ხალხმაც თავი შემაყვარა თავიანთი განსაკუთრებული კულტურით, ზრდილობით, იუმორით და სტუმართმოყვარეობით. მათი ტრადიციები და სამზარეულო კიდევ ცალკე თემაა… ჯერ კიდევ არ ვიცნობ ყველაფერს იმდენად კარგად, რომ ამაზე ვილაპარაკო, თუმცა ვინც პოზიტიური ადამიანია და იტალიის ერთ ქალაქში მაინც არის ნამყოფი, ამ ყველაფერს ისიც მარტივად შენიშნავდა.

© Photo: Courtesy of Nina Mikeladzeნინა მიქელაძე
ნინა მიქელაძე - Sputnik საქართველო
ნინა მიქელაძე

  რა შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში

— ცხრადღიანი მოგზაურობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა, მოსვენება დავკარგე. აქ გადმოსვლაზე ფიქრი და ამ საკითხზე ზრუნვა დავიწყე. აღარც სამსახური მინდოდა (ბანკში ვმუშაობდი), აღარც საღამოს გართობა. ჩემი საფიქრალი მხოლოდ ეს გახდა და შვიდი თვის შემდეგ უკვე იტალიაში, რომში ვიყავი… შემდეგ ქალაქი შევიცვალე. მივხვდი, რომ მილანში უფრო განვითარებული ცხოვრებაა, მოდაც ძალიან მაინტერესებს და, შესაბამისად, გადავწყვიტე იქ დასახლება. ახლა კი ნამდვილად ვხვდები, რომ ის რადიკალური გადაწყვეტილება, რაც ორი წლის წინ მივიღე, სწორი იყო. ახლა იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. იტალია ის ქვეყანაა, სადაც მინდა მთელი ცხოვრება გავატარო, თუმცა შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად განვითარებულიყო.

© Photo: Courtesy of Nina Mikeladzeნინა მიქელაძე
ნინა მიქელაძე - Sputnik საქართველო
ნინა მიქელაძე

 ოჯახი

— საბედნიეროდ, ოჯახმა დადებითად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება. მამაჩემისგან ველოდი, რომ არ ესიამოვნებოდა, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ზუსტად ეს სიტყვები მითხრა: „შენ უკვე დიდი ხარ, გამოცდილებაც გაქვს, ცოდნაც. თუ თვლი, რომ აქ არ ხარ ბედნიერი, შენ უკეთ იცი რა გჭირდება“. ბოლო დღემდე ფიქრობდა, რომ უბრალო ახირება იყო. დედას რაც შეეხება, რატომღაც ყოველთვის უნდოდა საზღვარგარეთ მეცხოვრა და მესწავლა, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ აქ ბევრად უფრო მეტის მიღწევა შემეძლო. ალბათ მათ მხარდაჭერას რომ ვგრძნობდი, ამანაც იმოქმედა.

© Photo: Courtesy of Nina Mikeladzeბრინდიზი, იტალია
ბრინდიზი, იტალია - Sputnik საქართველო
ბრინდიზი, იტალია

 ყველაზე მეტად მხიბლავს და მაოცებს…

— ყველაზე მეტად მხიბლავს სილამაზე და ხელოვნება. ასევე აქაური ცხოვრების სტილი. ძალიან განსხვავებული სტილი აქვთ, ყველაფერს წინასწარ გეგმავენ. დაუფიქრებლად და ოჯახში განხილვის გარეშე არ იღებენ გადაწყვეტილებებს. მომხიბლა სამზარეულომაც. სამზარეულო ცალკე ხელოვნებაა. მამაკაცებს ძალიან უყვართ კულინარია და ხშირ შემთხვევაში ქალებს არც ანდობენ სადილის მომზადებას. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე, ნამდვილად მხიარულად ტრიალებენ სამზარეულოში. ეს ყველაფერი ერთი სანახაობაა. ბევრი იტალიელი მეგობარი მყავს და ხშირად არის მგავსი სიტუაციები. მამაკაცები და გოგონები ერთი ჭიქა ღვინით ხელში ვჭორაობთ, ვერთობით, რაც ყველაზე ძალიან მომწონს. ვახშამი არ გადაიზრდება ხოლმე ღრეობაში (ბევრ სმას და ბოლოს ჩხუბს ვგულისხმობ, რაც საქართველოში საკმაოდ ხშირია) და გემრიელი სადილით, მხიარული საუბრით და ერთი ჭიქა ღვინით შემოიფარგლება.

© Photo: Courtesy of Nina Mikeladzeსადილი Cellini Caffé-ში, მილანი
სადილი Cellini Caffé-ში, მილანი - Sputnik საქართველო
სადილი Cellini Caffé-ში, მილანი

გამაოცა, რა თქმა უნდა, ვენეციამ, მაგრამ ძალიან ბევრი ქალაქია, რომელიც ულამაზესი და საოცარია. ბევრი ისეთ ქალაქია, რომლებიც მსოფლიოში ისეთი ცნობილი არ არის, როგორც რომი, ფლორენცია და ვენეცია, თუმცა სავსეა ღირსშესანიშნაობებით. ასე რომ, რომელიმე კონკრეტულს ვერ დავასახელებ. თითოეულ პატარა სოფელს იმხელა ისტორია და არქიტექტურა აქვს, რომ ნამდვილად გაგაოცებს. შესაძლოა ყველა კუთხეში წააწყდეთ ხელოვნების ნიმუშებს, ამიტომ ნებისმიერი კუთხე დიდ აღფრთოვანებას იწვევს ჩემში.

 ო, მოდა, მოდა…

— დახვეწილი ჩაცმის სტილი აქვთ ძალიან, ახალგაზრდა თუ ხანში შესული, ბიჭი თუ გოგო, ყველას ძალიან მოწესრიგებულად აცვია და თავს ძალიან უვლიან. მამაკაცები განსაკუთრებით გამოპრანჭულები დადიან. წვერი, თმა და ჩაცმის სტილიც განსაკუთრებული აქვთ. რომ შეხედავ, ხვდები, რომ სახლიდან გამოსვლის წინ სარკესთან ბევრი იტრიალა.

© Photo: Courtesy of Nina Mikeladzeსარდინია
სარდინია - Sputnik საქართველო
სარდინია

 სწავლა, სწავლა და სწავლა…

— განათლების სისტემა ძალიან განვითარებული აქვთ, რაც ძალიან მომწონს. ახლა ენის და ერთ-ერთი კომპიუტერული პროგრამის შესწავლით ვარ დაკავებული, რომელიც კონკრეტულ კომპანიაში მუშაობის საშუალებას მომცემს.

 იტალიის გარდა

— იტალიის გარდა ნამყოფი ვარ ეგვიპტეში, ნიდერლანდებში, პარიზში. თუმცა ცხოვრებით ნადვილად არ ვიცხოვრებდი სხვაგან. სხვა ქვეყნებს ისეთი დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია ჩემზე, როგორიც იტალიამ მოახდინა. მომავალი წლისთვის შვეიცარიაში და ნორვეგიაში ვაპირებ წასვლას. ნორვეგია მაინტერესებს ძალიან. ძალიან ლამაზი ბუნება აქვს. ამ ეტაპზე კი იტალიის გაცნობით ვარ დაკავებული.

© Photo: Courtesy of Nina Mikeladzeნინა მიქელაძე
ნინა მიქელაძე - Sputnik საქართველო
ნინა მიქელაძე

 იტალია, როგორც მასპინძელი

— რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ვურჩევ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეწვიოს იტალიას.

ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც ისეთი ძვირია. ქალაქის შიდა გადაადგილება ერთი მგზავრობა 1.5 ევრო ღირს. არის ეკონომიური პაკეტები, შეგიძლია შეიძინო ერთი დღის ან რამდენიმე დღის ერთად. რაც შეეხება ქალაქებს შორის გადაადგილებას, ვურჩევდი ყველას წინასწარ, ინტერნეტით შეიძინონ მატარებლის ბილეთები, როდესაც დაბალი ფასებია. Flix ავტობუსები შედარებით იაფია, თუმცა მე ზოგადად მგზავრობაში დროის დაკარგვას მირჩევნია სწრაფი მატარებლით ვიმგზავრო და სასტუმროში დასვენების მერე მშვიდად დავათვალიერო ქალაქი. ყველას ამის საშუალება ვერ ექნება, ამიტომ ბევრი ავტობუსშიც ახერხებს დასვენებას და თან ქალაქიდან ქალაქში გადაადგილდება. ზოგისთვის მოსახერხებელი ასე უფროა, თან სასტუმროში ფულს არ ხარჯავს. კვებაც არ არის ძვირი, თუმცა მე გურმანი ვარ და ყველა ქვეყანაში ტრადიციული საჭმელების გასინჯვა მიყვარს, რომელიც არც ისეთი იაფი მიჯდება. აქაც, რა თქმა უნდა, რესტორანში ტრადიციული კერძების დაგემოვნება განსხვავდება ფასთფუდის ფასებისგან. მოკლედ რომ ვთქვათ, ბიუჯეტის და მოთხოვნილებების მიხედვით, შეიძლება შენ თავს ისე მოარგო იტალიის ტური, რომ ნამდვილად კმაყოფილი და აღფრთოვანებული დაბრუნდე საქართველოში.

ყველა ახალი ამბავი
0