თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის ინტელექტის შესაფასებელი სპეციალური ტესტი შეადგინეს, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის" საერთაშორისოდ აღიარებული ინტელექტის შესაფასებელი ტესტი (TONI-4) ქართულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანა. ტესტი ადამიანის არავერბალურ ინტელექტს აფასებს, რაც ნიშნავს, რომ შეფასების პროცესში რესპონდენტს არ დასჭირდება საუბარი, წერა, კითხვა ან მოსმენა.
„ეს იდეალური ინსტრუმენტია სმენისა და საუბრის პრობლემის მქონე მოსწავლეების პროგრესისა და სიახლეების შეფასებისთვის… ტესტის ჩაბარების შემდეგ შესაბამისი ქულების საფუძველზე მულტიდისციპლინური გუნდი დაადგენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აზროვნებას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის პრობლემების გადაჭრის გზებს", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის" საქართველოში 2008 წელს ამოქმედდა. ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეხმარება განათლების, სხვადასხვა სერვისების მიწოდების, პროექტებისა და მედიკამენტების მიწოდების კუთხით. ასოციაციის მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფრო მეტი ინტეგრირება საზოგადოებაში.