მორიგი პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, თუ დიდი ბიზნესი ჭამს პატარას

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტერატეგიული კომუნიკაციის არარსებობა და შტურმი მასმედიის წინააღმდეგ...

კვირის დასაწყისში აშშ-ის ელჩმა შეგვახსენა, სტრატეგიული კომუნიკაცია მეტად მნიშვნელოვანია და საქართველოს ხელისუფლებამ უფრო მყარად და გასაგებად უნდა ჩამოაყალიბოს მესიჯებიო. აზრობრივი გზავნილი კი გაუგებარი ორ შემთხვევაში შეიძლება იყოს: პირველი — თუ ხელისუფლება და მისი პიარ-სამსახურები სათანადო კვალიფიკაციას ვერ ფლობენ, რაც ნაკლებად სავარაუდოა, და მეორე — როცა ერთს ამბობ, მეორეს აკეთებ და ადამიანებს გაურკვევლობაში ტოვებ!

ხელისუფლება რომ ჯერ ვანისა და ხონის, შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საფუძვლიანად ემზადება, ეს ტელევიზიებზე მიტანილი შტურმითაც დასტურდება.

თუმცა, თუ დღეს გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა და ხონსა და ვანში მართლაც გავლენიანმა მრეწველმა ზურაბ ტყემალაძემ იყარა კენჭი, ძნელი სათქმელია, რომელი ტელევიზია დაარწმუნებს დამშეულ და საზღვარგარეთ გაქცეულ მოსახლეობას, ტყემალაძეს მისცეს ხმა.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების" ურჩები

მეორე მხრივ, უმრავლესობის შიგნითაც დიდი ალიაქოთია. ჯერ იყო და პრეზიდენტის მე-11 ვეტოს დასაძლევად პარლამენტართა ნაწილის „მიჯირყვნა" გახდა საჭირო. დღეს კი უმრავლესობაში მორიგი საინტერესო პროცესი ვნახეთ სხდომის გახსნისთანავე — ყოფილმა მინისტრმა ოთარ დანელიამ ჯერ მარტვილში არსებულ პარტიულ-პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა და ირაკლი კობახიძეს მისი მოგვარებისკენ მოუწოდა; უფრო საყურადღებო კი მისი მეორე განცხადება იყო — დანელია ღიად დაუპირისპირდა ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს და განაცხადა, რომ ალავიძე ფაროსანათი დაზარალებულ რეგიონებში არ ჩადის.

ოთარ დანელია პოლიტიკური კონიუნქტურის არმცოდნეაო, ამას ვერავინ იტყვის, პირიქით. ისიც ცნობილია, რომ პრემიერ კვირიკაშვილს მთავრობაში სულ რამდენიმე საკუთარი კადრი ჰყავს: ალავიძე საერთო საბანკო წარსულით, მიხეილ ჩხენკელი და მიშა გიორგაძე. ცნობილია, რომ რეგიონები ალავიძეს ჰყავს ჩაბარებული, მაგრამ ის ძირითადად იქ ჩადის, ვისაც „მსუქანი“ მაჟორიტარები ჰყავს.

დანელიას ეს განცხადება პროტესტია უყურადღებობის გამო თუ მარშირებული შეტევა კვირიკაშვილის გუნდის წინააღმდეგ და მას საგაზაფხულო გაგრძელება მოჰყვება, ამას დრო გვიჩვენებს.

რაც შეეხება ტელევიზიების პროტესტს, მართალია, მეცხრე არხი დაიხურა, მაგრამ აშკარაა სურვილი, „მთელი სოფელი ისინი იყვნენ“, ნოდარ დუმბაძის ზურიკელასავით.

„იმედს" და „მაესტროს" დიდი ხანია ხელისუფლება აკონტროლებს. გარდა პატარკაციშვილების ოჯახის წევრის წარმომადგენლის მთავრობაში დანიშვნისა, მათ ბევრი სხვა ბიზნესი და მოლაპარაკებაც აკავშირებთ ერთმანეთთან.

პირველი არხის გენდირექტორად ახლახან ხელმეორედ აირჩიეს კაცი, რომელსაც არც საკუთარი პოლიტიკური წარსულის რცხვენია და არც არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის. პირიქით, როგორც დიდი ყვარყვარე იტყოდა, ყველა პარტია მას ეკუთვნის. საზმაუს ვასიკო მაღლაფერიძე 2023 წლამდე უხელმძღვანელებს. ახლა გაოცებული და გულნატკენი მკითხველი იკითხავს, რატომ 2030 წლამდე არაო. 2030 წლამდეც შეიძლებოდა, მაგრამ არჩევნები, როგორც ასეთი, საქართველოში ჯერ ფორმალურად მაინც არ გაუქმებულა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი - Sputnik საქართველო
ვეტოა, ვეტო ანუ რატომ ვერ იქცა პირველი არხი საზოგადოებრივ მაუწყებლად

ტელეკომპანია „პირველი" და ტელეკომპანია „იბერია" კი ღია ზეწოლაზე საუბრობენ. ზემწოლები ამ შემთხვევაში უფრო არადელიკატურად მოქმედებენ — „პირველის" გარშემო განვითარებულ მოვლენებში დიმიტრი ქუმსიშვილი და საყვარელი ნამინისტრალი „ჯეჯე" სახელდებიან, „იბერიას" კი, თურმე, თავად პრემიერ კვირიკაშვილის ბიზნეს-პარტნიორი რაფიელ სურამელაშვილი ერჩის.

დღევანდელი ვეტოს დაძლევით საპარლამენტო უმრავლესობა სარეკლამო ბაზრიდან იმ 2-3 მილიონს წაართმევს 100-მდე პატარა ტელევიზიას და ამდენივე რადიოს, რომელთაც ამ ქვეყანაში არსებობა უნდათ.

მოკლედ, როგორც ცნობილ ჰოლივუდურ ფილმშია, „თქვენთვის წერილია" — დიდი მაღაზიები და ტელევიზიები ჭამენ პატარებს და მსხვილდებიან, მაგრამ აქვე ერთი პატარა დეტალი — 21-ე საუკუნეა ინტერნეტის განუსაზღვრელი შესაძლებლობებით და რადგან ინტერნეტის თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული, რომლის მიღების 97-ე წლისთავი დღესაა, ადამიანები მაინც შეიტყობენ, რა ხდება ქვეყანაში…

ასე რომ, სტრატეგიულ კომუნიკაციებს მიხედეთ, მეგობრებო!

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0