ვეტოა, ვეტო ანუ რატომ ვერ იქცა პირველი არხი საზოგადოებრივ მაუწყებლად

© Sputnik / Alexander Imedashviliსაზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი წლის მძიმე აღნიშვნებგამოვლილი საზოგადოება ბედობა დღეს არც თუ ისე დიდი ინტერესით შეხვდა პრეზიდენტ მარგველაშვილის მეთერთმეტე ვეტოს. ეს ვეტო საზოგადოებრივი მაუწყებლის, ანუ მედიაექსპერტ ნათია კუპრაშვილის სიტყვებით თუ ვიტყვით, „საზოგადოებრივი მაწუხებლის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს დაედო.

მიუხედავად ეკონომიკური მიზანშეუწონილობისა, არავისთვის ახალი ამბავი არ არის, რომ ხელმწიფის კარზე, როგორც ყველა ხელისუფლების დროს, ახლაც ვასიკო მაღლაფერიძე საკმაოდ დიდი ძალაუფლებით სარგებლობს. სოზარ სუბარისა და თეა წულუკიანის მხარდაჭერაზე რომ არაფერი ვთქვათ, პარლამენტშიც საკმაოდ სერიოზული ლობი ჰყავს. მოკლედ, ამ ამბის შინაარსი ასეთია — საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული 50 მილიონი ლარი წლიურად არ ყოფნის და თავისი მარიფათითაც წაამატებს ცოტას სარეკლამო ბაზრიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვა, კომერციულ არხებს და პატარა რეგიონულ ტელევიზიებსაც კი კონკურენციას გაუწევს და რეკლამას წაართმევს, მაგრამ პარლამენტმა კანონს მხარი დაუჭირა და ეს უკანონობა აღარ იქნება.

ამასობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერა და ვერ იქცა არათუ საზოგადოებრივად, არამედ საერთოდ ტელევიზიად. როგორც ჩანს, ამ არასწორ ადგილასაა განლაგებული და მასში შესულ ადამიანებზე რაღაც ჯადოსნური ამბავი მოქმედებს, ანდა სულაც არაფერი არ ეშველება და ტყუილად ვახმართ მთლიანი შიდა პროდუქტის 0, 14 პროცენტს. შესაძლოა, სჯობდეს, ეს თანხა განათლებას, მედია-წიგნიერების ამაღლებას ან თუნდაც ჯანდაცვას მოვახმაროთ, შესაძლოა, ეს უფრო სარფიანი საქმე გამოდგეს მომავალი თაობებისათვის. გენერალურმა დირექტორმაც „მშვენიერი გადაწყვეტილება“ მიიღო. პრაქტიკულად, საინფორმაციოს გარდა ყველა გადაცემას ხურავს და გამოთავისუფლებული სახსრებით ახალი შენობის მშენებლობას გეგმავს, როგორც ჩანს, ფენ შუის ჩაკრების გათვალისწინებით. ამასობაში მისი დირექტორობის ვადაც გავა და ახალი პრარაბი ან „ტელევიზიონშიკი“ გააგრძელებს საქმეს.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო

მარგველაშვილმა კი ძალიან საინტერესო კვირა მოგვიწყო — ჯერ იყო და ბოლო წუთს ვეტო დაადო კანონს. პრეზიდენტმა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებში კორუფციის საფრთხე დაინახა და განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება როგორც ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთებას, ისე კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიას. კანონპროექტის საკუთარ ვარიანტში პრეზიდენტი პარლამენტს იმ საკანონმდებლო ვალდებულების შენარჩუნებას სთავაზობს, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელერადიოპროდუქციას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად შეისყიდის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესყიდვა არარეზიდენტი პირისგან ხორციელდება.

არადა, იცის, რომ არ დაუთმობენ და დაძლევენ. ის კი არადა, მას შემდეგ, რაც განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღებ მონაწილეობასო, გაცხარებული ანტი-პიარკამპანიაა მის წინააღმდეგ გაჩაღებული. იმედი მაქვს, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მას დანაშაულების ჩადენას თავად არ დააბრალებენ, თუმცა შეწყალებების გამო უკვე „ქმნიან საზოგადოებრივ აზრს“ ხელისუფლების მეფეისბუქეები (ისე, ყალბი ფეიქექაუნტები უნდა დაამატონ, თორემ უკვე ყველა ვიცით).

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
რატომ გამოიყენა პრეზიდენტმა ვეტო: მარგველაშვილის განმარტება

მეთერთმეტე ვეტომ რამდენიმე საათით დაასწრო თომა მარგველაშვილის დაბადებას. მანამდე კი პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძე, საპარლამენტო მდივნად კი — ანა ნაცვლიშვილი დანიშნა. პრეზიდენტობის დარჩენილი 9 თვის განმავლობაში მარგველაშვილი კიდევ ბევრი საინტერესო ნაბიჯის გადადგმას აპირებს. აი, სახელისუფლებო გუნდში კი ცვლილებებს მაისის ბოლოსთვის ელოდებიან. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დაასახელებს სამთავრობო გუნდი თავისი პრეზიდენტობის ფალავანს. ვინ იქნება ის: გიორგი კვირიკაშვილი, თეა წულუკიანი, სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ ჯანელიძე თუ ვინმე სხვა, ამას ძალიან მალე გავიგებთ.

კანონპროექტის საკუთარ ვარიანტში პრეზიდენტი პარლამენტს იმ საკანონმდებლო ვალდებულების შენარჩუნებას სთავაზობს, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელერადიოპროდუქციას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად შეისყიდის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესყიდვა არარეზიდენტი პირისგან ხორციელდება.


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0