რუისელი ბიჭის იუმორისტული ვიდეოები, პოპულარობა და მზადება ესპანური შოუსთვის

© Photo: courtesy of Giorgi Mghebrishviliგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს ესპანეთში მცხოვრებ 21 წლის გიორგი მღებრიშვილს გაგაცნობთ.

დაიბადა და სკოლა დაამთავრა ქარელის რაიონის სოფელ რუისში. შემდეგ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. თუმცა საზოგადოება მას როგორც იურისტს არ იცნობს…

მუსიკალური ნიჭის გარდა გიორგის იუმორის გრძნობა და იმიტაციის უნარი აქვს. სწორედ ამ უკანასკნელის წყალობით კლიპებმა, რომლებსაც ვირტუალურ სამყაროში, როგორც გვითხრა, „მხოლოდ ხალხის გასართობად და გასამხნევებლად დებდა“, მას პოპულარობა მოუტანა. მათი წყალობით იუმორისტულ სერიალში მიწვევაც მიიღო. თუმცა გიორგის სხვა გეგმები აქვს. ამჟამად ის ბარსელონაშია და ადგილობრივ მუსიკალურ შოუში გამოსასვლელად ემზადება.

© Photo: Courtesy of Giorgi Mghebrishviliგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი მღებრიშვილი

– გიორგი, შენ იუმორისტულ ვიდეოებს სოციალურ ქსელებში ათავსებდი და ერთ დღესაც პოპულარულმა გაიღვიძე, ასე იყო?

— დიახ, ასე გამოდის. იუმორის გრძნობა მაქვს და ყველა ის პერსონაჟი, ვისაც ვასახიერებ, თავად გამოვიგონე. წარმოშობით სოფელ რუისიდან ვარ და რასაც ვიდეოებში ხედავთ, ეს ჩემი სოფლის სიტუაციებია. ისე, ბავშვობიდან პოლიციელობა მინდოდა, პროფესიად იურისტობა ავირჩიე. ესპანეთში ეტაპობრივად მინდა ყველაფერი განვავითარო. ძალიან ცოტა ხანია, რაც ბარსელონაში ვარ, ამიტომ ჯერ ისევ შეგუების პროცესში ვარ. ამ ეტაპზე ესპანურ ენას ვსწავლობ.

– სკოლაში თუ ამჟღავნებდი მსახიობურ ნიჭს?

— სოფელ რუისის N1 საჯარო სკოლა დავამთავრე. ჩემმა მასწავლებლებმა დიდი როლი ითამაშეს ჩემ ცხოვრებაში. ძალიან კარგი პედაგოგები მყავდნენ. გაკვეთილის დროს ვერ მაჩერებდნენ, სულ ვიცინოდით და ამაზე იყო ერთი ამბავი – რა გაცინებთო?! ჩვენ კლასზე ამბობდნენ, ასეთი მეგობრული კლასი ამ სკოლაში არ გვახსოვსო. განსაკუთრებით ექვსი მეგობარი მყავს კლასელები, რომლებიც დღემდე ერთად მოვდივართ. ძალიან მინდა ისინი ჩამოვთვალო: თამუნა მღებრიშვილი, შორენა ბალიაშვილი, ნინო სულაშვილი, ვანო მღებრიშვილი, თამუნა ბალიაშვილი და ნოდარ მურჯიკნელი. გამიმართლა, რომ ასეთი მეგობრები მყავს, ჩემ წარმატებაში მათი დიდი წვლილია. მომავალში მინდა, რომ ყველა ბარსელონაში ჩამოვიყვანო.

– ახლა ამ ვიდეოების ამბავი მომიყევი, ძალიან ახალისებ ხალხს…

— ამ ვიდეოებს სოციალური ქსელში საკუთარ გვერდზე გასართობად ვდებდი და ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა. ამ ვიდეოებში სულ ვცდილობ, რომ არავის დავცინო, არავინ გავკილო და გული არავის ვატკინო, უბრალოდ მინდა ხალხი გავახალისო და გავაღიმო, დროებით მაინც დავავიწყო მათ პრობლემები. ამ ვიდეოების ინტერნეტში გავრცელების მერე ბევრი დამიკავშირდა და ქართულ იუმორისტულ სერიალში გადაღება შემომთავაზა, მაგრამ ამჯერად ესპანეთში ვარ და ჩამოსვლას ვერ მოვახერხებ. საერთოდ, იუმორისტულ სერიალებზე სამომავლოდაც არ მიფიქრია. ჩემი ვიდეოები ამ არხზე მე არ ამიტვირთავს და ვინც ატვირთა, ისინი ამაში ალბათ ფულს იღებენ. რამდენადაც ვიცი, რაც უფრო მეტი ნახვა აქვს ვიდეოს, YouTube ამაში გარკვეულ თანხას იხდის.

– გამოდის, რომ ვიღაც შენზე ფულს აკეთებს?

— დიახ, ასე გამოდის, მაგრამ რას გაიგებ, ვინაა?..

– გიორგი, კარგად მღერი და სიმღერის მხრივ ხომ არ აწყობ რაიმე გეგმას?

— დიახ, უფრო სცენისკენ მაქვს გეზი აღებული. სიმღერა დამოუკიდებლად ვისწავლე, მასწავლებელთან არასოდეს მივლია. სამწუხაროდ, საქართველოში ნიჭი რომ გქონდეს, მაინც არავინ გიფასებს, უცხოეთშიც ამიტომ წამოვედი, აქ უფრო მაქვს შანსი, რომ სიმღერის ნიჭი განვავითარო. ოჯახის წევრები გვერდში მიდგანან. მამას აქვს სიმღერის ნიჭი, დეიდები და ბიძებიც კარგად მღერიან. ბებია ლია თამაზაშვილი ქარელის რაიონში ქართული ენის ცნობილი პედაგოგია. ის ჩემ სიმღერას ძალიან გულშემატკივრობს.

– ესპანეთში მუსიკალურ შოუში მონაწილეობის სურვილი გაქვს?

— დიახ, აქ, ადგილობრივ მუსიკალურ შოუში მონაწილეობის მიღების სურვილი მაქვს. პირველად ინგლისურად მინდა ვიმღერო, ლაივში კი ქართულ სიმღერას შევასრულებ. სანამ აქ ჩამოვიდოდი, არ მეგონა, ბარსელონაში ამდენი ქართველი თუ ცხოვრობდა. ცოტა სახელიც გვაქვს გატეხილი, მაგრამ მე კრიმინალებთან არასოდეს მქონია კავშირი. ეგ კი არა, არც ვეწევი და არც ვსვამ, ამიტომ ასეთი რამისგან შორს ვარ და ვიქნები. აქ შოუ მინდა დავდგა. მოკლედ, ყველანაირად ვეცდები, რომ საქართველო კარგად წარმოვაჩინო და ის გეგმები, რაც მაქვს სამომავლოდ, ავასრულო. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება…

 

ყველა ახალი ამბავი
0