თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი მსახიობი, რეზო გიგინეიშვილის გახმაურებულ ტრილერში „მძევლები" მთავარი როლის შემსრულებელი ირაკლი კვირიკაძე European Shooting Stars Award-ის ჯილდოს მფლობელი გახდა.
2017 წლის დეკემბერში კვირიკაძე European Film Promotion-ის ვერსიაში ევროპული კინოს ამომავალი, ნიჭიერი და პერსპექტიული ვარსკვლავების ათეულში მოხვდა. ათივე ნომინანტი პრიზის სახით ბერლინში გადის მასტერ-კლასებს, ხვდებიან ექსპერტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებსა და კასტინგ-დირექტორებს.
ირაკლი კვირიკაძე 25 წლისაა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გაიარა სტელა ადლერის სამსახიობო სტუდიის (Stella Adler Studio of Acting) კურსები.
„მძევლებს" რეალური მოვლენები დაედო საფუძვლად — 1983 წელს თბილისში ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობა. კვირიკაძემ შეასრულა ნიკას როლი, რომლის პროტოტიპი 21 წლის მსახიობი, თვითმფრინავის ერთ-ერთი გამტაცებელი გეგა კობახიძე იყო.
Елизавета Вальдемаровна И поздравляю, и горжусь, и держу пальцы!#hostages_film #Berlinale
— Из жизни звезд (@cloud_celebrity) January 28, 2017
@rezofilm @kinonebo @… pic.twitter.com/kHzH9Cw0ZD
ირაკლი როლისთვის ძალიან სერიოზულად ემზადებოდა — კითხულობდა საქმის მასალებსა და ოქმებს, გაესაუბრა გეგას მამას, ცნობილ კინორეჟისორ მიხეილ კობახიძეს, ასევე თინათინ ფეტვიაშვილს — ერთადერთ გადარჩენილ გამტაცებელს.
ირაკლი ამჟამად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. გატაცებულია სათხილამურო სპორტითა და ფერწერით. დაქორწინებულია 22 წლის მოდელ ელენე მახარაშვილზე.
European Film Promotion (EFP) – ორგანიზაციების ერთადერთი საერთაშორისო ქსელია, რომელიც ევროპული კინოს პოპულარიზებითა და გაყიდვებით არის დაკავებული მთელ მსოფლიოში. ის 1997 წელს დაფუძნდა. ამჟამად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სარეკლამო საზოგადოებას, აქვს 38 ორგანიზაცია, რომლებიც წარმოადგენენ ევროპის 37 ქვეყანას პორტუგალიიდან საქართველომდე.