გიგინეიშვილის „მძევლები“ ამერიკულმა HBO-მ იყიდა

© photo: Hostages / FBკადრი ფილმიდან „მძევლები“
კადრი ფილმიდან „მძევლები“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი რეჟისორის ფილმს ამერიკული ტელეარხით აჩვენებენ, რომელსაც დაახლოებით 40-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა ჯერ არ იცის, როდის აჩვენებენ მის „მძევლებს“ ამერიკულ ტელეარხ НВО-ს ეთერში. ამის თაობაზე მან „Spuntik–საქართველოსთან“ საუბრისას განაცხადა.

იმის შესახებ, რომ НВО-მ თბილისში 1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავზე (თვითმფრინავის გატაცების მცდელობაზე) დაფუძნებული ფილმი „მძევლები“ იყიდა, აგვისტოს პირველ რიცხვებში გახდა ცნობილი — ფილმის პარიზული პრემიერის შემდეგ.

მანამდე კი ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მან კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

„სამი დღის წინ პარიზში [ფილმის] საერთაშორისო პრემიერა გაიმართა. დღეს კი შევიტყვე, რომ ის НВО-მ იყიდა. რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, რომ განვლილმა ეკლიანმა გზამ და საქმისადმი თავდადებამ ნაყოფი გამოიღო“, — თქვა რეჟისორმა გიგინეიშვილმა.

მისი თქმით, ფილმის მიმართ პოზიტიური რეაქციები ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ინტერესი ნათლად მიანიშნებს, რომ „ეს ისტორია, ასე თუ ისე, აღელვებს ადამიანებს“.

ფილმში როლებს ასრულებენ თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, მერაბ ნინიძე, დარეჯან ხარშილაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახო ჩაჩანიძე, კატო კალატოზიშვილი, ავთაბდილ მახარაძე, მიშა გომიაშვილი, ბექა ლემონჯავა, ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, ნადეჟდა მიხალკოვა და მარია შალაევა.

ფილმზე მუშაობდნენ კინოკომპანიები Небо, 20 Steps Productions და Extreme Emotions. პროდიუსერები არიან მიხაილ ფინოგენოვი, თავად რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი, თამარ ტატიშვილი და ვლადიმერ კაჭარავა.

აღსანიშნავია, რომ 40-მილიონიანი აუდიტორიის მქონე ტელერახ HBO-ს (Home Box Office) მიერ შეძენილ პროდუქციას შორისაა ისეთი საქვეყნოდ ცნობილი სერიალები, როგორებიცაა „სოპრანოს კლანი“, „სექსი დიდ ქალაქში“ და „სამეფო კარის თამაშები“.

ყველა ახალი ამბავი
0