უნიკალური ცხოველების ანბანი, რომლის ავტორი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია

© Photo: courtesy of Gocha Dzaganashviliგოჩა ძაგანაშვილი
გოჩა ძაგანაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოჩა ძაგანაშვილი - მხატვარი, სპორტსმენი, ბოდიბილდერი. მის მიერ 3D განზომილებაში შექმნილი ნახატები ჩვენთანაც და უცხოეთშიც მოწონებით სარგებლობს. მხატვარს გამოფენები ჰქონდა გერმანიაში, ბონში, ბერლინში, კაიროში, ანტალიაში, თელ-ავივში, კიევსა და მოსკოვში.

ბატონი გოჩა უნიკალური პროექტის – ილუსტრირებული ცხოველების ანბანის ავტორი გახლავთ. ასეთ ანბანს ანალოგი არ აქვს და ის ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა, გამოსაცემად მზად აქვს რუსულადაც. ვფიქრობთ, მსგავსი შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათის წიგნი ჩვენში სპეციალისტებისა და პედაგოგების უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ინტერვიუერი, ამავე დროს უკრაინის ჩემპიონი გახლავთ მკლავჭიდში.

© Photo: Courtesy of Gocha Dzaganashviliგოჩა ძაგანაშვილი
გოჩა ძაგანაშვილი - Sputnik საქართველო
გოჩა ძაგანაშვილი

– ბატონო გოჩა, საიდან გაგიჩნდათ იდეა, რომ ცხოველების ანბანი შეგექმნათ და რას წარმოადგენს ის?

— ცხოველები ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარს. სამხატვრო აკადემია თბილისში დავამთავრე, ასპირანტურა – სანქტ-პეტერბურგში. ხუთი წლის მანძილზე უკრაინაში, ოდესაში ვცხოვრობდი. ერთხელ, როცა ჩვეულებრივ ანბანს ვათვალიერებდი, სადაც მარცხნივ ცხოველი ხატია, მარჯვნივ ასო-ბგერაა მიწერილი, გამიჩნდა იდეა, რომ კონკრეტული ასო-ბგერა თავად ცხოველს გამოესახა. მტაცებლებიდან მიყვარს ლომი, ამიტომ პირველი ასო-ბგერა ლ-ასი გავაკეთე, რომელიც ლომით გამოვსახე, ანუ ლომი ამ ასო-ნიშნის ფორმას იღებს. ვისაც ვაჩვენე, ყველას ძალიან მოეწონა. მერე მივყევი და ცხოველებით სხვა ქართული ასო-ნიშნებიც დავხატე. როცა ჩემი ნახატები ნახეს, ძალიან მოეწონათ და მირჩიეს, იქნებ, მსგავსი ანბანი სხვა ენაზეც გეცადაო.

© Photo: Courtesy of Gocha Dzaganashviliგოჩა ძაგანაშვილის ანბანი
გოჩა ძაგანაშვილის ანბანი - Sputnik საქართველო
გოჩა ძაგანაშვილის ანბანი

– ვიცი, რომ თქვენ მიერ ილუსტრირებული ანბანი ამერიკის ყოფილ ელჩს მოეწონა..

— დიახ, როცა ეს ანბანი რიჩარდ მაილსმა ნახა, ძალიან მოეწონა და მითხრა, ამას ჩვენ შევიძენთო. როდესაც მოლაპარაკების მერე საელჩოში მივედი, ამერიკის საელჩოდან ვინმე სოფო შევარდნაძე გამოვიდა (ოღონდ, არა ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი) და 3300 დოლარი გადმომცა. ეს მაშინ, როცა წერილზე 33 000 დოლარი მქონდა მითითებული, ანუ ერთ ცალში, წესით, ათას დოლარს იხდიდა. მე შევახსენე საელჩოს წარმომადგენელს, რომ ორიგინალი მივყიდე და იმის საბუთიც მქონდა, თუმცა რას გავაწყობდი?— უკან წამოვიღე ჩემი ანბანი და სამი ათასი დოლარი არ გამოვართვი.

© Photo: Courtesy of Gocha Dzaganashviliგოჩა ძაგანაშვილის ლათინური ანბანი
გოჩა ძაგანაშვილის ლათინური ანბანი - Sputnik საქართველო
გოჩა ძაგანაშვილის ლათინური ანბანი

– თქვენი ცხოველების ანბანი გამომცემლობამ „პალიტრა L“ დაბეჭდა…

— დიახ, ჩემი წიგნი ამ გამომცემლობამ გამოსცა და ის კარგად გაიყიდა, თუმცა მე კაპიკები გადამიხადეს. ამის მერე გამომცემლობასთან თანამშრომლობა შევწყვიტე. კონტრაქტში სამი წელი იყო და ეს წიგნი ოთხი წლის განმავლობაში იყიდებოდა. მისი ფასი 15 ლარი იყო, მე თითო წიგნში რეალურად 80 თეთრი მომცეს. ამის მერე ანალოგიური ანბანი ინგლისურ ენაზე თვითონ დავბეჭდე. დარწმუნებული ვარ, წიგნი თბილისის მერიამ რომ ნახოს, ის დაბეჭდავს და სკოლებში საჩუქრებად დაარიგებს, მაგრამ მე იქ ნაცნობი არ მყავს, თანაც, აქეთ-იქით სირბილის თავი არ მაქვს. ჩემი საქმე ხატვაა და უნდა ვხატო.

© Photo: Courtesy of Gocha Dzaganashviliსამგანზომილებიან ფორმატში შესრულებული ძაღლი
სამგანზომილებიან ფორმატში შესრულებული ძაღლი - Sputnik საქართველო
სამგანზომილებიან ფორმატში შესრულებული ძაღლი

– თქვენ 3D განზომილებაშიც ხატავთ და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ამბებს ხომ არ გაიხსენებდით?

— ჯერ ის მინდა გითხრათ, რომ ზოგი 3D-ში გულისხმობს იმას, როცა, მაგალითად, რეალისტურად შესრულებული ნახატი ჩარჩოშია, საიდანაც, სიტყვაზე, ფეხია გამოყოფილი. ჩემ ერთ ნახატზე მინდა გიამბოთ. ესაა რეალისტურად დახატული აფრიკული კამეჩი, რომელსაც 130 ბუზი აზის. როცა ჩემმა მეზობელმა ეს ნახატი ნახა, ის 130 ბუზი ნამდვილი ეგონა და ხელის ქნევა დაიწყო… იყო ასეთი ამბავიც: უკრაინაში ჩემ გამოფენაზე ერთმა მხატვარმა მითხრა, ეს რა კარგი ტექნიკა გქონიათო. ჯერ მთლიანი ნახატი ეგონათ თურმე ამობეჭდილი. მე ვუთხარი, ეს ორიგინალია–მეთქი და აღფრთოვანდა. მას ეგონა, რომ ნამდვილი ბუზები გავახმე, მივაწებე და ზემოდან ლაქი მივასხი. ამიტომ ავუხსენი, რომ ეს 130 ბუზი სათითაოდ დავხატე და მათ თვალები და ფრთები ყველას აქვს. მოსკოვში რა მოხდა, იცით? არის ასეთი ცნობილი მხატვარი ვადიმ გორბატოვი, რომლის ნახატებზეც გავიზარდე. როცა რუსეთში კონკურსი ჩატარდა, მე პირველ ადგილზე გავედი, გორბატოვი — მესამეზე. არადა, მაგ კაცის ნახატებზე დღემდე ვგიჟდები. ჩემ მიერ დახატული ვაჟა–ფშაველა და დავით აღმაშენებელი ძალიან მოსწონს ხალხს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ეს ჩემი ნახატებია.

© Photo: Courtesy of Gocha Dzaganashviliგოჩა ძაგანაშვილი
გოჩა ძაგანაშვილი - Sputnik საქართველო
გოჩა ძაგანაშვილი

– ახლა თქვენ სპორტულ მიღწევებზე გადავიდეთ, თქვენ ხართ ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში…

— მე უკრაინაში, ოდესაში ხუთი წელი ვცხოვრობდი და მკლავჭიდში უკრაინის სახელით გამოვდიოდი. იქ ხელფასიც მქონდა. ხუთი წელი უკრაინაში სულ პირველ ადგილს ვიკავებდი. საქართველოდან ჩემპიონატებზე არ წამიყვანეს, იმიტომ რომ სხვებმა თანხა გადაიხადეს და ისინი წაიყვანეს. მე რომ ევროპაზე უკრაინის სახელით გამოვედი, ეს ამბავი ჩვენთან ბევრს არ მოეწონა, რადგან უკრაინაში ვერაფერს გახდნენ ის ქართველები, რომლებიც აქ ფულს იხდიდნენ. მე კი პირველი ადგილი ავიღე ალალად.

© Photo: Courtesy of Gocha Dzaganashviliგოჩა ძაგანაშვილი ხატვის პროცესში
გოჩა ძაგანაშვილი ხატვის პროცესში - Sputnik საქართველო
გოჩა ძაგანაშვილი ხატვის პროცესში

– თქვენზე ამბობენ, 32-კილოგრამიანი გირი ნეკა თითით ასწიაო, მართალია?

— დიახ, თანაც 30-ჯერ შემიძლია ავწიო. ჩემ გარდა ეს ვერავინ გაბედა. მერე კიდევ ნიკაპზე გავიჩერე „ბლინი“, რაც შტანგის ნაწილია. ხელი გავუშვი და რამდენჯერმე ჩავჯექი-ავდექი. ზოგს, თურმე, ეგონა, რომ კბილებით მეჭირა. მაგის გარდა ნიკაპზე ვიჩერებ მაგიდას, სკამებს და მერხებს. ჩემი ოჯახის ყველა წევრი ძალიან აქტიური და შემოქმედებითი ადამიანია: ჩემი მეუღლეც მხატვარია და სამივე შვილი ხატავს. მე პიანინოზეც ვუკრავ, თვითნასწავლი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა. მოკლედ, გვიყვარს სპორტი და ხელოვნება და მხიარულად და საინტერესოდ ვცხოვრობთ…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0