საზოგადოებრივ მაუწყებელს თანხის გამომუშავების საშუალება მიეცემა – პარლამენტი ვეტოს დაძლევს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო კანონზე „მაუწყებლობის შესახებ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იანვრის ბოლოს ვეტოს უფლება გამოიყენა და პარლამენტს დაუბრუნა შესწორებები კანონში „მაუწყებლობის შესახებ“, რომლის თანახმად, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის ტრანსლაციისა და პირდაპირი შესყიდვების უფლება მიეცემა.

„ყველა დეპუტატი მხარს დაუჭერს ვეტოს დაძლევას. გამონაკლისი იქნება რამდენიმე დეპუტატი და ესენი არიან ის დეპუტატები, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში საკუთარი არგუმენტებით გამოდიოდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთადერთი ტელერადიოკომპანიაა საქართველოში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2018 წელს ის 52,5 მილიონი ლარით დაფინანსდება.

კანონპროექტის არსი და პრეზიდენტის ვეტო

შესწორებების ამოქმედების შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიღებს უფლებას, განათავსოს არა მხოლოდ სოციალური, არამედ კომერციული რეკლამაც, ოღონდ – შეზღუდვებით. რეკლამის განთავსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამუშაო დღეებში და არა პრაიმ–ტაიმში.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო

ასევე, შესწორებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქციის 25% უნდა იყოს კერძო კომპანიების მიერ მომზადებული პროგრამები. ამ პროგრამებზე სახელმწიფო შესყიდვის წესები არ გავრცელდება.

სახელმწიფო შესყიდვების წესების დაცვის გარეშე საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე შეძლებს შეიძინოს ტელევიზიის ან რადიოსთვის, სოციალური გვერდებისთვის განკუთვნილი პროდუქცია, ასევე ტელე–რადიოპროდუქციის თანამგზავრის საშუალებით მიღება–გაშვებისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს უფლებას, ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები და გამოიკვლიოს აუდიტორია საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად, ასევე უფლებას, მიიღოს თავისუფალი სიხშირეები FM–დიაპაზონზე რადიომაუწყებლობის ქსელის განვითარებისთვის.

საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს კანონპროექტიდან პირდაპირი შესყიდვებისა და კომერციული რეკლამის ტრანსლაციის უფლების ამოღებას.

ემხრობა და წინააღმდეგია

შესწორებების წინააღმდეგ გამოდის საქართველოს კომერციული მასმედია, რომელიც მიიჩნევს, რომ კომერციული რეკლამის უფლების მინიჭება ტელეკომპანიისთვის, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მათ სერიოზულ ფინანსურ ზარალს მიაყენებს.

ასევე, მათი ვარაუდით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია ვითარების შეცვლა სარეკლამო ბაზარზე მათთვის კლიენტების წართმევისა და რეკლამის ფასების დაწევის გზით.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ კომერციული მასმედიის პრეტენზიები არაარგუმენტირებულია და შესწორებები სარეკლამო ბაზარზე სერიოზულ გავლენას არ მოახდენს.

„ჩვენი მიზანია – გაძლიერდეს მედია, ზოგადად, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისე კერძო მაუწყებლები და ამას უზრუნველყოფს თითოეული ის ნაბიჯი, პრაქტიკული თუ საკანონმდებლო, რომელიც იდგმება ჩვენი მხრიდან“, – აღნიშნა მან.

კენჭისყრა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მიზნით უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი. ამის შემდეგ კანონპროექტი პრეზიდენტს დაუბრუნდება ხელმოწერისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0