ქართული ტექნიკა სხვა ქვეყნებს სეტყვასთან ბრძოლაში დაეხმარება

© photo: STC Delta / FBქართული წარმოების სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარი СД-26
ქართული წარმოების სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარი СД-26 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარებით სხვა ქვეყნები დაინტერესდნენ

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებაზე სამ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, განაცხადა „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა ტელეკომპანია TV Pirveli-ს ეთერში.

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა საქართველოში 2015 წლის გაზაფხულიდან ფუნქციონირებს. პირველად ის კახეთში დამონტაჟდა. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და საწყის სტადიაზე მათი კონტროლი. კახეთის ყველა რაიონში საცეცხლე წერტილებია განლაგებული. განიხილება სისტემის დამონტაჟების შესაძლებლობა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.

„რამდენიმე დღეში სამუშაო ჯგუფი მიდის სამ სხვადასხვა ქვეყანაში ტექნიკური სამუშაოების მოსამზადებლად, სადაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ შესაბამისი შეთავაზებები. გადაიზრდება ეს თუ არ გადაიზრდება საბოლოო კონტრაქტებში და საბოლოო გაზრდილ ბიზნესში „დელტასთვის“, ამას უხლოესი მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ცალსახაა არის, რომ ეს სისტემა ძალიან დიდ დაინტერესებას იწვევს სეტყვის პროცესების რისკის მქონე ქვეყნებში“, — განაცხადა ძოძუაშვილმა.

სეტყვის საწინააღმდეგო მოწყობილობა СД-26 - Sputnik საქართველო
მოლდოვა საქართველოსგან სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას შეიძენს

„დელტას“ გენერალურმა დირექტორს არ დაუსახელებია ის კონკრეტული ქვეყნები, რომლებთანაც მისი კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს. ის მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემით დაინტერესდნენ როგორც ევროპაში, ისე აზიაში. ძოძუაშვილის თქმით, ქართული სისტემის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მას გასროლის მეტი სისწრაფე გააჩნია.

„დელტას” მიერ შემუშავებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა უზრუნველყოფს 96-97 პროცენტიან ეფექტურობას, დარჩენილი 3-4 პროცენტი ყველაზე უფრო მტკივნეულად ამახსოვრდება საქართველოს მოსახლეობას, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი რაოდენობით განეიტრალებული სეტყვასაშიში პროცესები და თავიდან აცილებული მნიშვნელოვანი ზარალი, რამაც გამოიწვია იმ ქვეყნების დაინტერესება, რომლებიც იყენებენ ძველ სისტემებს, რომელთა რეაგირების დრო საშუალოდ 7-15 წუთია, მაშინ როდესაც ჩვენს სისტემას გადაწყვეტილების მიღებიდან პირველი გასროლის განხორციელებამდე საშუალოდ 15-20 წამი ჰყოფნის“, — ციტირებს უჩა ძოძუაშვილს „დელტას“ პრესსამსახური.

2016 წელს „დელტა“ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის გამო სკანდალში გაეხვა. მაშინ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი იყო. „დელტა“ სწორედ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

ძოძუაშვილი, რომელიც უწყებას 2012 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა, ხიდაშელის ბრძანების საფუძველზე 2016 მაისში იმის გამო გაათავისუფლეს, რომ „დელტა“ ვერ გაუმკლავდა სეტყვას, რომელმაც აღმოსავლეთ საქართველოში მოსავლის ნაწილი გაანადგურა. ერთი კვირის შემდეგ ძოძუაშვილმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. 

2017 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ძოძუაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა და სამინისტროს მისი თანამდებობაზე აღდგენა დააკისრა. მოგვიანებით თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ ძოძუაშვილი „დელტას“ გენერალურ დირექტორად ხელახლა დანიშნა.


ყველა ახალი ამბავი
0