თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა მამაკაცთა შორის თავისუფალ პროგრამაში ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა და შემაჯამებელ ოქმში დაიკავა ბოლო, 22-ე ადგილი.
მოკლე პროგრამის შემდეგ ყვითელაშვილი 22-ე პოზიციას იკავებდა, მაგრამ თავისუფალი გამოსვლის შემდეგ მას იტალიელმა მატეო რიცომ და გერმანელმა პაულ ფენცმა გაუსწრეს. ორი გამოსვლის შემდეგ ქართველმა მოციგურავემ ჯამში 204,57 ქულა დააგროვა და ლიდერს 113,28 ქულით ჩამორჩა.
პროგრამის ამ სახეობაში პლიმიური ჩემოიონი გახდა იაპონელი იუზურუ ჰანიუ, რომელიც სოჭის ოლიმპიადაზეც ჩემპიონი გახდა. თავისუფალ გამოსვლაში მან 206,17 ქულა დაიმსახურა და საერთო ჯამში 317,85 ქულა დააგროვა, ოფიციალურ ვებგვერდზე შემაჯამებელი ოქმის თანახმად.
ვერცხლიც იაპონელმა შომა უნომ მოიპოვა (306.90), ხოლო ბრინჯაო ევროპის ექვსგზის ჩემპიონ ესპანელ ჰავიერ ფერნანდესს (305.24) ერგო.
ყვითელაშვილი მესამე ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ფიონგჩანგის ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა. ოლიმპიადაზესაქართველოს აგრეთვე მოციგავე გიორგი საღოიანი და მოთხილამურე ნინო წიკლაური წარმოადგენდნენ.
საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის ბრძოლაში მოთხილამურე იასონ აბრამიშვილი ჩაერთვება, რომელიც გიგანტურ სლალომში (18 თებერვალი) და სლალომში (22 თებერვალი) გამართულ შიჯიბრებებში მიიღებს მონაწილეობას.
თამაშების რვა დღის შემდეგ ფიონგჩანგის ოლიმპიადაზე საერთოგუნდურ ჩათვლაში ლიდერობს გერმანიის ნაკრები, რომლის სპორტსმენებმა 15 მედალი მოიპოვეს: 9 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. მეორე ადგილზე ნორვეგიაა (6-8-5), მესამეზე — ჰოლანდია (6-5-2).
XXIII ოლიმპიური თამაშები ფიონგჩანგში 25 თებერვალს დასრულდება.