პრემიერი: ბაკურიანში „სკი–კროსში“ ტურნირი როგორც გზავნილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის

© Photo: courtesy of VN Productionმოთხილამურეები
მოთხილამურეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაკურიანში სათხილამურო ტრასა, სადაც „სკი–კროსში“ საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, მსოფლიო მასშტაბის დიზაინერ–მშენებლებმა მოამზადეს

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „სკი–კროსში“ ორდღიანი საერთაშორისო ტურნირის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც ბაკურიანში პარასკევს გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვლენ ავსტრიელი, ჩეხი, სლოვაკი, ავსტრალიელი და ყაზახი სპორტსმენები, რომლებიც მიღებული ქულების გამოყენებას მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლებენ. 

საბაგირო - Sputnik საქართველო
„მინი-საბაგიროები“ ჯავახეთში, ხევსურეთსა და ბარისახოშიც დამონტაჟდება

საქართველო შეჯიბრზე რვა მოთხილამურით იქნება წარმოდგენილი. ღონისძიების ორგანიზატორია  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაცია.

„სკი–კროსი“  ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ტარდება. 

 „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდველის სათხილამურო ტრასის შეჯიბრისთვის მოსამზადებლად ჩამოსული არიან „სკი–კროსის“ მსოფლიო კლასის ტრასის დიზაინერ-მშენებლები და მათ სპეციალურად მოაწყვეს ტრასა ამ შეჯიბრებისთვის, რომლის ჩატარებაც უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება საქართველოსთვის და ეს არის მოსამზადებელი ეტაპი 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად ფრისტაილში, სნოუბორდში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველომ ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად განაცხადი 2017 წლის ოქტომბერში შეიტანა, 2018 წლის იანვარში კი კვირიკაშვილმა ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო პრეზიდენტ ტომას ბახთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია უმასპინძლოს  2030 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. ამ მიზნით საქართველოში ახლო მომავალში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც შეისწავლიან ქვეყანაში ზამთრის სპორტის ინფრასტრუქტურას. 

ზამთრის კურორტი გუდაური - Sputnik საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები Euronews-სა და BBC-ზე

 „მოგეხსენებათ, ჩვენ შეტანილი გვაქვს განაცხადი, რომ საქართველოში 2023 წელს ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და წინგადადგმული ნაბიჯი. ამ შეჯიბრს აქვს კიდევ ერთი დატვირთვა. მოგეხსენებათ, რომ „სკი–კროსი“ შევიდა ზამთრის სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, ამიტომ ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომელსაც 2030 წელს გააჩნია ამბიცია, რომ საქართველოში ჩავატაროთ 26-ე ზამთრის ოლიმპიადა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უკვე ოლიმპიური ზამთრის სპორტის სახეობებს ვმასპინძლობთ საერთაშორისო მასშტაბით“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ინფორმაციით, 2010-2017 წლებში საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე ტურისტების რაოდენობა 364%-ით გაიზარდა. ამ დროის განმავლობაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა გუდაურში, ბაკურიანსა და თეთნულდზე, სადაც ერთდროულად 9 ახალი საბაგირო გაიხსნა.

რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.


ყველა ახალი ამბავი
0