თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული გ.ა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში, მეცხოველეობის ფერმის ტერიტორიაზე, ურთიერშელაპარაკებისას — 1983 წელს დაბადებულ ა. ი.-ის სანადირო თოფიდან მუცლის არეში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ კაზლარში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი — სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.