თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა 5-17 თებერვალს სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „კალაშნიკოვი”, ორი მცირეკალიბრიანი შაშხანა, ექვსი პისტოლეტი, სამი სანადირო თოფი, ორი ე.წ. აბრეზი, 602 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა და ექვსი მჭიდი.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე სულ 15 პირი დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ნებაყოფლობით ჩააბარეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა.
„სულ ჩაბარებულია სამი გადაჭრილი სანადირო თოფი, 19 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სამი მჭიდი, სხვადასხვა სახის იარაღისთვის განკუთვნილი 258 ვაზნა და ერთი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი“, — ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.