საქართველოს მოქალაქეებს რომელ ქვეყნებში სურთ მუშაობა – კვლევა

გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვაში მონაწილე ქართველების დიდმა ნაწილმა უცხოეთში დასაქმების სურვილი გამოთქვა, მეზობელი ქვეყნების მცხოვრებლებთან შედარებით, მათ ყველაზე ნაკლებად სურთ სამშობლოს დატოვება.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. გერმანია და აშშ – ეს ის ქვეყნებია, სადაც საქართველოს მოქალაქეები ისურვებდნენ მუშაობას, გამოიკვლიეს კომპანია ipm–ის სპეციალისტებმა.

გამოკითხვა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩატარდა. კომპანიის სპეციალისტები დაინტერესდნენ, შესაძლებლობის შემთხვევაში ამ ქვეყნების მოქალაქეები დროებითი სამუშაოსთვის რომელ ქვეყანას აირჩევდნენ.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოს მოქალაქეების 18% სამუშაოდ აშშ-ს ირჩევს, 15% კი გერმანიას. სამუშაოდ რუსეთს გამოკითხულთა 7% ირჩევს. 

მონაცემების ანალიზის თანახმად, კომპანიის სპეციალისტებმა დაასახელეს ხუთი ქვეყანა, რომლებშიც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები სამუშაოდ წავიდოდნენ: აშშ, რუსეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. 

სომხებისთვის, რომლებსაც საზღვარგარეთ დასაქმება სურთ, ფავორიტი ქვეყანა რუსეთია – 23%. აშშ-ში წასვლა კი გამოკითხულთა 18%-ს სურს. 

თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
დასაქმება: ქვეყნის მოსახლეობის 64% თბილისში მუშაობს

დასაქმების კუთხით თურქეთი აზერბაიჯანელი რესპონდენტების მხოლოდ 26%-სთვისაა მიმზიდველი. გამოკითხვაში მონაწილე სხვა აზერბაიჯანელები არჩევანს რუსეთსა (14%) და გერმანიაზე (12%) აკეთებენ.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული ქართველების უმეტესობას უცხოეთში დასაქმების სურვილი აქვს, მეზობელი ქვეყნების მოსახლეობასთან შედარებით, მათ ყველაზე ნაკლებად სურთ სამშობლოს დატოვება და სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წასვლა – 36%-ს.

კომპანიას არაოფიციალური მონაცემები მოჰყავს და აცხადებს, რომ 2015 წლის მარტის ინფორმაციით, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 1 607,7 ათას ადამიანს შეადგენს, რაც, პრაქტიკულად, საქართველოს მოსახლეობის მესამედია.

მარკეტინგული–საკონსულტაციო კომპანია ipm 1995 წელს შეიქმნა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებთან და მსხვილ კორპორაციებთან.

კომპანია ამზადებს მარკეტინგულ, სოციალურ და პოლიტიკურ კვლევებს, ამუშავებს საკომუნიკაციო სტრატეგიებს, ახორციელებს საველე სამუშაოებს და ა.შ.  კომპანიის ქვეყნის მასშტაბით არსებულ ათ რეგიონულ ოფისებში მთლიანობაში 260 ინტერვიუერია დასაქმებული. გარდა ამისა, კომპანია ახორციელებს საკოორდინაციო სამუშაოებს სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში.

სამივე ქვეყნის მასშტაბით გამოკითხვაში 1,2 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ყველა ახალი ამბავი
0