თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ 47 ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, მე-4 კორპუსში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც აქ 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ და გარკვეული მიზეზების გამო ფართობის დაკანონება ვერ მოახერხეს, საცხოვრებელი ფართების კანონიერი მფლობელები სიმბოლურ ფასად გახდებიან.
„დღეს 47 ოჯახს ვუკანონებთ საცხოვრებელ ფართს. მინდა მივულოცო მათ, მადლობა ვუთხრა ვაკის გამგებელს თანამშრომლობისთვის. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და აუცილებლად ჩვენ დაპირებებს შევასრულებთ, რომლებზეც წინასაარჩევნო პერიოდში ვსაუბრობდით”, — აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მერის განცხადებით, ფართების დაკანონების პროცესი გაგრძელდება.
თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუკანონებს.