თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 38 ოჯახი იმ ბინების კანონიერი მფლობელები გახდებიან, რომლებშიც ისინი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობენ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს საცხოვრებელი ფართების დაკანონება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
საუბარი ეხება ჩუღურეთის რაიონში აჭარის ქუჩა №10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინადრებს.
„იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება დავიწყეთ, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები, თაობები გაზარდეს და ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. რამდენიმე მთავრობის სხდომაზე გვქონდა გამოტანილი კონკრეტული ოჯახებისთვის ფართების დაკანონების საკითხი. შესაბამისად, ამ პროცესს განვაგრძობთ, რადგან დაუკანონებელ ფართებში ბევრი ადამიანი ცხოვრობს", — განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული სახლის მცხოვრებლებს, რომლებიც იქ 15-20 წელია ცხოვრობენ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად — 1 ლარად გადასცემენ.