თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2018 წელს შეიარაღების შესყიდვასა და მოდერნიზაციაზე ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტიდან 20%-ზე მეტს გამოყოფს, რაც ისტორიული მოვლენაა, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წელს 802 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან 160,4 მლნ ლარი შეიარაღებაზე დაიხარჯება. მიმდინარე წელს საქართველომ აშშ-სგან Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები შეისყიდა. შეთანხმება Javelin-ის ტიპის 410 რაკეტისა და 72 მართვადი გამშვები დანადგარის, მათ შორის, ორი მართვადი გამშვები ბლოკის ყიდვას ითვალისწინებს.
იზორიას განცხადებით, შეიარაღებაზე 2015 წელს გათვლილი იყო თავდაცვის ბიუჯეტის 4%, მაგრამ ახლა უკვე 20%-ზე მეტია, რაც ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. მისი თქმით, ეს ისტორიული ფაქტია და ასევე ის, რომ სწორედ ამ მზარდი დაფინანსებისა და სწორი ოპტიმიზაციის პირობებში მოხდა Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შეძენა.
2017 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შემოიტანეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა, რომელიც ქვეყანამ საფრანგეთისგან შეიძინა. საქართველომ საფრანგეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შესყიდვაზე ორი შეთანხმება ჯერ კიდევ 2015 წლის ზაფხულში გააფორმა. დოკუმენტი გასაიდუმლოებულია.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი საქართველოს VL MICA-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებსა და მობილურ რადიოლოკაციურ სადგურებს მიჰყიდდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი საქართველოს გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „მისტრალს“ მიჰყიდის.
საქართველოს საჰაერო თავდაცვითი სისტემით აღჭურვის მეორე ფაზა გულისხმობს ქართველი ოფიცრების გადამზადებას, რასაც ასევე საფრანგეთი უზრუნველყოფს.
„2018 წელს ჩვენ ასევე დავასრულებთ და მივიღებთ ანტისაჰაერო ელემენტებს ფრანგული პროექტის ფარგლებში, და ჩვენ მზად ვართ მეორე ფაზის იმპლემენტაციის გაგრძელებისთვის, რომელიც 2018 წლიდან დაიწყება“, – განაცხადა იზორიამ.
იზორია თავდაცვის მინისტრი 2016 წლის აგვისტოში გახდა. დანიშვნიდან სამ თვეში მან რიგი მასშტაბური რეფორმა დააანონსა. მათ შორისაა გენერალური შტაბის ოპტიმიზაცია, ქვეითი ბრიგადების რაოდენობის შემცირება, სამხედრო–საჰაერო ძალების აღორძინება და სამხედროების სოციალური პირობების გაუმჯობესება.
„ჩვენი მთავარი მიღწევა, რაც რეფორმები დავიწყეთ, არის ის, რომ თუ 2015 წელს თავდაცვის ბიუჯეტის 66% ხელფასებსა და სოციალურ დახმარებას ხმარდებოდა, 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 53% მიემართება ხელფასებზე და სოციალურ დახმარებებზე, რაც არის ნატოს სტანდარტი“, – განაცხადა იზორიამ.