თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველო–ნატოს ერთობლივ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება Agile Spirit-ში („მტკიცე სული“) საქართველოს სამხედრო–საზღვაო ძალების ჩართვა სურს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში გამოსვლისას.
სწავლება Agile Spirit ყოველწლიურად ტარდება 2011 წლიდან. ის აშშ-სა და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის ემზადებიან. ბოლოს ის 2017 წლის სექტემბერში გაიმართა.
„მტკიცე სულის” სწავლებების ფარგლებში ჩვენ გვსურს საზღვაო კომპონენტის შემოღებაც. ეს იყო ერთ-ერთი განხილვის თემა ბატონ მეტისსთან (ჯეიმს მეტისი – აშშ-ის თავდაცვის მინისტრი) შეხვედრის დროს. ჩვენი ტენდენციები სამხედრო სწავლებების კუთხით მზარდია, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება ჰქვია“, – განაცხადა იზორიამ.
Agile Spirit-ის გარდა, საქართველოში ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო სამხედრო წვრთნები Noble Partner („ღირსეული პარტნიორი“). ბოლოს ის 2017 წლის აგვისტოში გაიმართა. მასში მონაწილეობდა 2,8 ათასზე მეტი სამხედრო რვა ქვეყნიდან – საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა.
სწავლებაში ჩართული იყო GTK Boxer-ის ტიპის გერმანული ჯავშანტრანსპორტიორები, Abrams-ის ტიპის ტანკები, M2 Bradley-სა და Stryker-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი C-130.