თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და კანადის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში „სწავლების დაგეგმარების კურსი" დაიწყო, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სწავლების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დახვეწონ სხვადასხვა ღონისძიებების მეთოდოლოგიური დაგეგმვა. ტრენინგები ინტერაქტიული ლექციებისგან შედგება, რომლის დროსაც მონაწილეები მცირე სინდიკატ ჯგუფებად იქნებიან დაყოფილი.
სასწავლო კურსს, რომელიც დღეს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ქართველ სამხედროებთან ერთად მონტენეგროს, უკრაინის, მაკედონიის, სერბეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების 34 სამხედრო მოსამსახურე ესწრება. სემინარის მიზანია ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის სამხედრო სწავლების ორგანიზების პროცესში ცნობიერების ამაღლება და საჭირო მეთოდების გაცნობა.
პროექტის ფარგლებში ქართველი, კანადელი, უკრაინელი და მაკედონელი ინსტრუქტორები კურსის მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ.
საქართველო „სწავლების დაგეგმარების კურსს" მესამედ მასპინძლობს.